„ქართული ოცნების“ სათაო ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს 22:00 საათზე ჩაინიშნა. პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვამდე, პარტიის ოფისში 21:00 საათზე ჩანიშნული იყო მინისტრთა კაბინეტის სხდომა, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლება სრული შემადგენლობით სათაო ოფისში იმყოფება.
სავარაუდოდ ისინი წინასწარ ეცნობიან იმ კანდიდატებს, რომლებსაც პარტია ხვალ წარადგენს. „ქართული ოცნების“ ოფისში იმყოფება გიგლა აგულაშვილიც, რომელმაც დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ რიგები დატოვა.
მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებით, ხვალინდელი დღე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აჩვენოს, რომ მას შეუძლია არჩევნებზე განახლებული ძალით წარდგენა.
„ხვალ ორ საათზე საგურამოში პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საპარლამენტო გუნდის ნაწილს, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ასევე ცნობილი იქნება სრული შემადგენლობა სიის, თუ კონკრეტულად ვინ იქნებიან სიაში, ვინ იქნებიან კონკრეტულად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გიგლა აგულაშვილს თავის გადაწყვეტილებაზე „რესპუბლიკური პარტიის“ რიგების დატოვებასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






