პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ვარშავის სამიტის შედეგები კიდევ ერთხელ შეაფასა.
პრესსპიკერის თქმით, საქართველომ მიიღო ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
"ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდა ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარის გაყვანისკენ. ზოგადად, აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიმართ ალიანსის მოწოდებები ძალიან მკაფიო იყო. უმნიშვნელოვანესია, რომ დადასტურდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ხაზი გაესვა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგს და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის ფორმები. კერძოდ ის, რომ ნატო გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ასევე, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ნატო - საქართველოს ურთიერთობის ახალი ინიციატივა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით ალიანსს ექნება დიალოგი საქართველოსთან. ჯერ კიდევ 2014 წლიდან, შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, პრეზიდენტის გამოსვლებში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო და შეიძლება ითქვას, რომ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. მნიშვნელოვანია, რომ პირველად, სამიტის ფარგლებში, ჩატარდა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ვარშავაში, ასევე შედგა შეთანხმება, რომ გაგრძელდება საქართველოს კონტრიბუცია ავღანეთში გლობალური უსაფრთხოების მისიაში. კიდევ ერთხელ, ამ მიმართულებით საქართველოს წვლილი განსაკუთრებით ხაზგასმული იყო"- აღნიშნა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






