არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას აფასებს.
როგორც ირკვევა 2016 წლის მარტის მდგომარეობით, ბიზნესაქტივებს პარლამენტის 29 წევრი ფლობს. ამასთან, 24 დეპუტატის ოჯახის წევრი მართავს ან ფლობს სხვადასხვა კომპანიას.
აღსანიშნავია, რომ სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი მხოლოდ პარლამენტის შვიდმა წევრმა მიუთითა.
"გამჭვირვალობის" მონაცემებით, ყველაზე მაღალი შემოსავლები მითითებული აქვთ: კახა ოქრიაშვილს (დაახლოებით 4,7 მილიონი ლარი), გოჩა ენუქიძეს (დაახლოებით, 4,5 მილიონი ლარი), სერგო ხაბულიანს (633 205 ლარი), გოგი თოფაძეს (611 052 ლარი), გიორგი კახიანს (44 500 ლარი), გიორგი ჟვანიას (25 000 ლარი) და ზაზა კედელაშვილს (16 586 ლარი).
პარლამენტის წევრის მიერ კომპანიის წილებს ან აქციებს, ფლობას კანონი არ კრძალავს, თუმცა მას სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალება.
ანგარიშში ასევე შეფასებულია საკანონმდებლო ორგანოს, საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, პარლამენტის კომიტეტების და ცალკეული დეპუტატების საქმიანობა.
”პრობლემური არის დეპუტატთა აქტიურობა, სიტყვით გამოსვლის რაოდენობა. პლენალურ და კომიტეტის სხდომებზე დასწრება, არის ნამდვილად საგანგაშო ეს მაჩვენებელი. მაგალითად, მხოლოდ 2015 წელს 2000 ზე მეტი იყო საპატიო მიზეზით გაცდენა, აქედან 1400 მეტი იყო ოჯახური პრობლემების გამო გაცდენა. ძალიან სუსტია საპარლამენტო კონტროლი. პარლამენტში არ ტარდება სამთავრობო საათი, არ განიხილავს სრულყოფილად მის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს და ასევე მნიშვნელოვანი ხარვეზით ხასიათდება თვითონ საკანონმდებლო პროცესი. პარლამენტი ხშირად დაუსაბუთებელი, დაჩქარებული წესით იღებს კანონპროექტებს“ - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსსაპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






