არც მაშინ და არც ეხლა ეჭვი არ შემპარვია, რომ ამ აქციის უკან ტენდენციაა და არა ვიღაც კონკრეტული ადამიანი თუ ჯგუფი, რომელსაც კეთილშობილური გრძნობები ამოძრავებს და თუ რაიმე სარგებელი არ მოაქვთ, არც რაიმეს აშავებენ. ტენდენციაა და ჩვენში დიდი ხნის წინათ წახალისებული და უხვად დაფინანსებული.
ამჟამადაც ასეა. ახალგაზრდათა აქციად გამოცხადდა ეს თავიდანვე, თუმცა, მისი ორგანიზატორი, 32 წლის ვინმე ბაჩო მებურიშვილი, არ ტოვებს სპონტანურად ან ინფანტელური აღტკინებით თუ ,,კაი ბიჭობით“ თავის შესაქცევად სანახაობის მომწყობის შთაბეჭდილებას არც ასაკითა და არც, როგორც გამოჩნდა, აზრებით.
სავარაუდოდ, არეშიძე-ზაქარეიშვილის გუნდში მორიგი შევსებაა, თუმცა ჯერ კიდევ არცთუ კარგად დატრენინგებული მტრის ჰიბრიდული პროპაგანდისტებისაგან. საქართველოში გამომავალ მეტად საეჭვო წარმომავლობის რუსულენოვან გაზეთ ,,Aбхазский меридиан“-ის ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში ,,Здравствуйте!“ и „До свидания!“ ეს ვაჟბატონი ამ შემთხვევისათვის აუცილებელი ენაწყნილანობით ჯერ არ გამოირჩევა. სულ ორიოდე შეკითხვაა მასთან უღიმღამო პასუხებით, რომ არის აპოლიტიკური და მისი მიზანია აფსუა თანატოლებთან გულმოდგინედ დათვლილი 8000-დღიანი უბრობის დაძლევა სპორტზე, კულტურაზე და ა.შ. საუბრებით.

როგორ ჩანს, ეს ნაკლოვანება გაზეთის მესვეურებმა შეამჩნიეს და აქციის იდეური გამართულობისათვის კორესპოდენტს მძიმე არტილერია - ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი შეაშველეს, რომელიც გულმოდგინედ იმეორებს იმ მკრეხელობებს, რაც არაერთხელ უთქვამთ ზემოთნახსენებ კრემლოიდებს. სიზუსტისათვის ვციტირებ დედნის ენაზე:
,,Мы поняли очень многое после этой войны после поражения, потому что в мире не существует такого хорошего учителя, как поражение. Мы поняли что, это была не толко ошибка но и преступление . . .в грузинской общественности. . . есть чувство вины из-за того что было допущено в те годы. . . я подразумеваю чувство вины не только в отношении к абхазам,но в отношении самого себя“.
აი ასე. თბილისის შუაგულში, გმირთა მემორიალზე გმირთა ნაცვლად თურმე შემცდარებისა და დამნაშავეების ათასობით გვარ-სახელია, რომელიც არა სამშობლოსათვის, თავისუფლებისათვის, დამპყრობლის წინააღმდეგ თავგანწირული ბრძოლოსაკენ განგაწყობს, არამედ დანაშაულის შეგრძნებისაკენ.
გასულ კვირას ვესწრებოდი ჩვენი მეგობრის ნიკოლოზ ვაშაკიძის მეტად საინტერესო წიგნის ,,ახალის საქართველოსთვის!“ პრეზენტაციას. მას ბ-ნი ზაზა ფირალიშვილი უძღვებოდა და შესავალ სიტყვაში ისეთი ხოტბა შეასხა ნაშრომს, თავად ავტორსაც კი ეუხერხულა. არადა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავში, რომელიც ეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ავტორმა ქვა-ქვაზე არ დატოვა, როგორც თვითონ ამბობს, პრინციპულად არსაწორი, უსამართლო და წამგებიანი ფორმულისაგან: ,,დიალოგი, შერიგება და ნდობის აღდგენა ქართველ და აფხაზ ძმებს შორის“ და ,,პრივილეგირებული ეთნოსის იდეოლოგიისაგან“.
მაშინ ნახსენებ სტატიას არ ვიცნობდი, თორემ ჩვენს გზააბნეულ ფილოსოფოსს აუცილებლად შევეკითხებოდი, საერთოდ ჰქონდა თუ არა წაკითხული ნიკოლოზ ვაშაკიძის წიგნი და თუ ჰქონდა, რით აიხსნებოდა მისი ასეთი წაჯექ-უკუჯექობანი.
ეს რიტორიკული კითხვა იქნებოდა, რადგან პასუხი ჩემთვის ცნობილია, რომელსაც ბ-ნი ფირალიშვილი ვერ იტყოდა.
ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის, როგორც სიმართლის, ერთ გონებაში არსებობა შესაძლებელია. გჯერა, რომ ორივე მართალია და ამისაგან არავითარ დისკომფორტს არ გრძნობთ, გამოიხმობ ცნობირებიდან რომელიმეს და ამტკიცებ როგორც ჭეშმარიტებას საჭიროების მიხედვით. ამას ტოტალიტარული აზროვნება ჰქვია. ასე ფიქრობდა ორუელი. მეც ვეთანხმები.
მალხაზ პატარაია
მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე
მასალის გამოყენების პირობები






