ვარშავის სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნატოს პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ საკითხში საქართველოც მოიხსენია. ობამამ აღნიშნა, რომ ალიანსი გააგრძელებს პარტნიორების დახმარებას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება.
ობამას განცხადებით, ბოლო 70 წლის განმავლობაში ნატო არასდროს ყოფილა ასეთი გამოწვევების წინაშე, როგორც დღეს, რის მაგალითად შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში მომხდარი ტერაქტები, მიგრანტების კრიზისი, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და მოსკოვის პროვოკაციული ქმედებები მოიყვანა.
ობამას განცხადებით, ასეთი გამოწვევების პერიოდში ალიანსი გააგრძელებს ნატოს წევრებისა და მისი პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ნატოს წესდების მეხუთე მუხლის მხარდაჭერა და შევთანხმდით კოლექტიური თავდაცვის მნიშვნელოვან გაძლიერებაზე იმ დონემდე, როგორიც ცივი ომის შემდეგ არ მომხდარა. ვაძლიერებთ ნატოს თავდაცვას, როგორც შეკავების შეკავების პოლიტიკის ნაწილს, ვაგრძელებთ მუშაობას ევროპულ ინიციატივაზე, რომელიც ბალტიისპირეთიდან შავი ზღვის ჩათვლით უსაფრთხოების გაძლიერებას გულისხმობს, ვაძლიერებთ ჩვენს ყოფნას აღმოსავლეთ ფლანგზე. ვეხმარებით უკრაინას, რომელსაც კომისიის სხდომის ფარგლებში მიენიჭა ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტი. ჩვენ გავაკეთებთ უფრო მეტს, რომ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს ჩრდილო აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და საქართველოს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები






