საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან (MAP) დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად მაპი არ სჭირდება.
„ჩვენ, ნატოს ვარშავის სამიტის მომზადების არც ერთ ეტაპზე მაპი არ მოგვითხოვია. ამას ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს. კარგად ვიცით რეალობა და არ ვმალავთ, რომ ნატოში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით კონსესუსი ამწუთას არ არის. საქართველოს მაპი დღეს არაფერში სჭირდება. დეკემბერში გამართულ სამიტის მოსამზადებელ მინისტრიალზე ჩვენი ამოცანა იყო, ცალსახად თქმულიყო, რომ საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად მაპი არ სჭირდება. დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. მაპი გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი და ზუსტად იმ დღეს, რა დღესაც იქნება კონსესუსი საქართველოს წევრობაზე, ერთიანი პაკეტის ნაწილი იქნება ეს ყველაფერი - მაპი, მოწვევა, დამკვირვებლის სტატუსი, რომელიც ამწუთას აქვს მონტენეგროს და წევრობა, მიუხედავად იმისა, რას ამბობს რუსული მედია, ან რას ამბობენ პრორუსული ძალები საქართველოში. თუ ესმით, თავად აგვიხსნან რა არის მაპი... ჩვენ ეს გზა დიდი ხანია, გავლილი გვაქვს და ეს დეკემბერში ჩაიწერა ნატოს დეკლარაციაში. დარწმუნებული ვარ, გამეორდება ვარშავის სამიტზეც, რომ საქართველო, იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მას უკვე გააჩნია, მზად არის წევრობისთვის მოსამზადებლად.“
მასალის გამოყენების პირობები






