მსოფლიო ლიდერები ვარშავის ეროვნულ სტადიონზე იკრიბებიან, სადაც ნატო-ს სამიტის ოფიციალურად გახსნის შემდეგ მონაწილეებს ალიანსის გენერალური მდივანი და პოლონეთის პრეზიდენტი სიტყვით მიმართავენ. სამიტს საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება.
ექსპერტების ფორუმზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კითხვებს უპასუხა. სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე დასმულ კითხვას ვრცელი პასუხი გასცა:
„ეს სამიტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ნატო-ს კარი რჩება ღია. ჩვენ ვართ პროცესში, როდესაც 28 წევრიდან 29-ს მივაღწევთ, როდესაც მონტენეგრო საბოლოოდ შემოგვიერთდება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან და უკრაინასთანაც, როგორც უახლოეს პარტნიორებთან. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, ის არის ჩვენი აპლიკანტი ქვეყანა, ჩვენ ვმუშაობთ მათთან, მხარს ვუჭერთ ძალისხმევას, რომელიც შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და რეფორმებზეა მიმართული, რომ საბოლოო ჯამში მიუახლოვდნენ ნატო-ს სტანდარტებს. ბოლო სამიტზე მივანიჭეთ არსებითი პაკეტი, მას შემდეგ ამ პაკეტების იმპლემენტაციაზე ვმუშაობთ. ვაძლევთ რჩევებს, მათთან ჩადიან მრჩევლები, გავხსენით საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, რაც არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ ჩვენ წინ მივიწევთ თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერის საკითხში. ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ჩვენ გვექნება შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მინისტრების დონეზე, სადაც კიდევ ერთხელ გამოვუცხადებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას.
არსებობს საკითხი, რომელიც უცვლელი რჩება, ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ერს აქვს უფლება თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი. მათ შორის აირჩიოს უსაფრთხოების რომელიც ორგანიზაციის წევრობა სურს. ეს ეხება საქართველოს, უკრაინასაც და ნებისმიერ ქვეყანას. მინდა აღვნიშნო, რომ თუ საქართველოს, ან უკრაინას ან ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანას სურს იყოს ნატო-ს წევრი, გადაწყვეტილება ამ თემაზე მხოლოდ ამ კონკრეტულმა ქვეყანამ და ალიანსის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. სხვა არავის შეუძლია პროცესში ჩარევა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






