ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებს - ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.
მხარეებმა დღესვე ხელი მოაწერეს დოკუმენტს განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. რომლის მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავება ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულებით.
"დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც იმ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებსაც აშშ-ში სწავლა უფინანსდებათ, გაორმაგდება. ყველა იმ ნაბიჯთა შორის, რომელთაც ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში გადავდგამთ, ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია" - განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯონ კერიმ.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კერძო და საჯარო უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებს.
"მხარეები გაუზიარებენ განათლების სფეროში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას, ასევე, შესაბამის უნივერსიტეტებში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებს" - თქვა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






