ჯონ კერის განმარტებით, ამერიკის მთავრობა ამაყობს საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილით და კარგად ესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს თქვენ მიერ თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. დღესდღეობით აშშ-ის წვლილი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია ჩვენი დაუღალავი მუშაობა სტრატეგიული პარტნიორობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტზე, როგორიცაა თავდაცვა,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის 25 წლიანი თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს და პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივებს. გამოითქვა იმედი, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დღის წესრიგი ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერიმ ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ნატო-ს ვარშავის სამიტისგან ელოდება ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული პროგრესის აღიარებას.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიმდინარე რეფორმები. ხაზი გაესვა რეფორმების პროცესში აშშ-ის ჩართულობის როლს.
საუბარი შეეხო 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მისი თავისუფალ, გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების გამოხატულებად შეაფასა.
მასალის გამოყენების პირობები






