გენმდივანს საქართველოს შესახებ კითხვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ქეთევან ქარდავამ დაუსვა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო გააგრძელებს საქართველოსა და მოლდოვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ამ ქვეყნებში რეფორმების მხარდაჭერას.
"ვარშავის სამიტის ფარგლებში ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე მხარდაჭერას გამოვხატავთ საქართველოს ტერიტოიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
ასევე ვიმსჯელებთ როგორ აღმოვუჩინოთ საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა. საქართველოში ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნისას, მე აღვნიშნე, რომ ეს ცენტრი არის კარგი პლატფორმა პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. ახლა არის უფრო მეტი ნატო საქართველოში. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს რეფორმების განხორციელებაში, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობაში" - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ალიანსის ოპერაციებში შეტანილი კონტრიბუციებისთვის, განსაკუთრებით ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობისთვის.
“ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვზრდით საქართველოს პრაქტიკულ თუ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რატომ გავხსენით საქართველოში ერთობლივი საწრვთნელი ცენტრი, არის ის, რომ საქართველომ გაზარდოს შესაძლებლობები, იმისთვის, რომ გაუძლოს გარე საფრთხეებს, რადგან საქართველო განიცდის გარედან დიდ ზეწოლას”- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები






