პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტი სამძიმრის განცხადებების გაკეთებით დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარემ, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წევრმა, როჯერ ვიკერმათურქეთის დელეგაციას და ზოგადად თურქ ხალხს რამდენიმე დღის წინ სტამბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული მოსახლეობის მიმართ სამძიმარი გამოთქვა და მათ ოჯახებს მიუსამძიმრა. როჯერ ვიკერმა ბოლო პერიოდში გახშირებულ ტერორისტულ აქტებზეც ისაუბრა და ბრიუსელის, პარიზის და თურქეთის შემთხვევები გაიხსენა.
მისი შეფასებით, აუცილებელია საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული, კონსოლიდირებული მიდგომა, რადგან ტერორიზმი არ წარმოადგენს ერთი ცალკეული სახელმწიფოს პრობლემას და იგი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული გლობალური საფრთხეა.
პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა საერთო კომიტეტზე შვედეთის დელეგაციის წევრის, მარგარეტა სედერფელტის მიერ მომზადებული მოხსენება მოისმინეს.
შვედმა კანონმდებელმა თავის მოხსენებაში აქცენტები ხუთი მიმართულებით გაამახვილა და ტრანსნაციონალურ ტერორიზმზე, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე, გაჭიანურებულ კონფლიქტებზე, შეიარაღებულ კონფლიქტებში ქალთა როლზე და დემოკრატიის და უსაფრთხოების ურთიერთდამოკიდებულებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მოხსენებაში მოყვანილი პრობლემების მოგვარების საკითხში ეროვნულ პარლამენტებს გადამწყვეტი როლი აკისრიათ, რადგან მათ, თავიანთი საკანონმდებლო ნორმებით, შესაძლებლობა ეძლევათ მრავალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გამოწვევას, შესაბამისი რეაგირებით უპასუხონ. ყოველივე ამ პრობლემების მოგვარების საკითხში, ასევე მნიშვნელოვანია ეუთოს მექანიზმების გააქტიურება და დიალოგის და მშვიდობიანი პროცესების გააქტიურება.
„დიალოგის მიღწევისა და რეალიზებისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში, შემოთავაზებული კონკრეტული ზომები წარმოადგენს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამატებით პოლიტიკურ ნებას და დიდ ჩართულობას“, - აღნიშნა მარგარეტა სედერფელტმა.
ძირითადი მოხსენების წარდგენის შემდეგ კომიტეტის სხდომაზე დებატები გაიმართა. რუსეთის ფედერაციის დელეგაციამ მოხსენებაში მოყვანილი ფაქტები, კერძოდ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესია და ყირიმის ანექსია, ერთმნიშვნელოვნად ტენდენციურად შეაფასა და მოხსენების მიმართ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა. განსხვავებით რუსი კოლეგებისგან, უკრაინის საპარლამენტო დელეგაცია მიესალმა წარმოდგენილ მოხსენებას და მისი რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე თანხმობა განაცხადა. მოხსენებაში მოყვანილი მნიშვნელოვანი საკითხებიდან გამომდინარე დებატებში აქტიური მონაწილეობა სომხეთის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, ყაზახეთის და ბელარუსის წარმომადგენლებმა მიიღეს. დებატების შემდეგ კომიტეტი რეზოლუციისპროექტის განხილვას შეუდგა. 87- პუნქტიანი პროექტიდან სხდომის დასრულებამდე მხოლოდ სამი პუნქტის განხილვა მოესწრო. რეზოლუციის პროექტის განხილვა ხვალინდელ საკომიტეტო სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 09:30 -ზე გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები






