თურქული მედია უკანასკნელი დღეების განმავლობაში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 28 ივნისს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი აჰემდ ჩატაევია. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირებიც ადასტურებენ, ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია CNN-ის ეთერში ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
მაიკლ მაკოლის თქმით, ცნობა ტერაქტის აჰმედ ჩატაევის მიერ დაგეგმვის შესახებ, თურქეთის დაზვერვის სამსახურიდან გავრცელდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თურქეთის ხელისუფლება ტერაქტთან ჩატაევის კავშირზე ოფიციალურად ამ დრომდე არ საუბრობს:
“დიდი ალბათობით, ამ თავდასხმის ორგანიზატორი ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურია. ჩვენი აზრით, ის კოორდინირებდა სამ თვითმკვლელ ტერორისტს სტამბოლში, რომ ეს თავდასხმა მოეწყოთ რამადანის პერიოდში. ის არის ჩეჩენი მეამბოხე. ალბათ ნომერ პირველი მტერი რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონში. ის ბევრჯერ იმყოფებოდა სირიაში და შემდეგ გახდა ISIS-ის სამხედრო ოპერაციების ერთ-ერთი მთავარი მეთაური. ის პასუხისმგებელია საგარეო ოპერაციებზე. მისი სახელია აჰმედი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის ISIS-ის სამხედრო ოპერაციების ერთ-ერთი მეთაურია. ის რუსეთიდანაა წამოსული და ის რუსეთის ნომერ პირველი ჩეჩენი მებრძოლია. დიახ, სწორედ ის. ინფორმაცია, რომ ის არის პასუხისმგებელია თავდასხმის დაგეგმვაზე, თურქეთის სადაზვერვო სამსახურიდან მოდის და არ გვაქვს მიზეზი, ეჭვი შევიტანოთ, რომ ის იყო სტამბოლის აეროპორტში მომხდარის თავდასხმის ორგანიზატორი,” - განცხადა ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაკოლიმ.
მასალის გამოყენების პირობები






