როგორც პრესკონფერენციაზე გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკიმ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს დიდი ხნის მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს და ასევე ჩვენ რთულ დღეებში ერთად ვართ.
„მიხარია, რომ ბოლო პერიოდში, ბევრი მაღალი რანგის ვიზიტი შედგა. ნათელი გახდა, რომ გერმანია მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩვენ ინტენსიურად ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. გერმანიას რეგიონის და თქვენი ქვეყნის სტაბილური და დინამიური განვითარების დიდი ინტერესი გაააჩნია.
მე ძალიან მიხარია, რომ რეფორმები ჩატარდა. ეს საერთაშორისოდ აღიარებულია. ჩვენ გვიხარია, რომ 2014 წლის ივლისიდან მოქმედებს ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში.
ჩვენ ვილაპარაკეთ შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ჩვენ გვაინტერესებს რამდენად სტაბილურია შიდაპოლიტიკური ვითარება საქართველოში, მალე არჩევნები ჩატარდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რამდენად პოლარიზებულია ქართული საზოგადოება ამ არჩევნების წინ.
მე შევიტყვე, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ინტერესებში შედის.
საქართველო მკვეთრად არის ორიენტირებული დასავლეთზე, ევროკავშირზე. მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ ნაბიჯებზე, მაგრამ ცხადია, რომ არა მარტო ტრადიციების გამო, რომლებიც ჩვენ გვაკავშირებს, საქართველოს ეს გზა ევროპისაკენ მხარდაჭერილია, არამედ იმის გამოც, რომ არსებობს საკმაოდ რთული სიტუაცია ევროპის აღმოსავლეთით.
Brexit-ის შემდეგ ახალი სიტუაცია შეიქმნა ევროპაში და საინტერესოა იმის გაგება, რომ ევროპის სხვა რეგიონებში ევროპის პროექტს მხარს უჭერენ, ევროპულ ფასეულობებს იზიარებენ და რომ ევროპისკენ ხედვა აღმოსავლეთის მხრიდან იმედიანია. სწორედ ამ დღეებში ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ბატონო პრეზიდენტო დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, არა მარტო თქვენი მეგობრობისთვის გერმანიასთან, არამედ თქვენი ვიზიტისათვის“, - განაცხადა იოახიმ გაუკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






