შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს, გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები ეკონომიკური თანამშრომლობის და ტურიზმის მიმართულებით.
შეხვედრისას მხარეებმა ევროპული და ევროატლანტიკური დღისწესრიგის შესახებ იმსჯელეს.
„გერმანელ პოლიტიკოსებს, იქნება ეს პრეზიდენტი, იქნება ეს კანცლერი, იქნება ეს პარლამენტის თავმჯდომარე, ესმით საქართველოს სპეციფიკა, ესმით ქართული რეალობა, ისევე, როგორც ჩვენ გვესმის გერმანიის წინაშე არსებული გამოწვევები, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალი ორი წლის განმავლობაში და მე ერთმნიშვნელოვნად ვთქვი, რომ ჩემი ვადის მომავალ ორ წელს მოვახმარ გერმანიასთან ურთიერთობის გაღრმავებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც პრეზიდენტის საგარეო მდივანმა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, გერმანია იყო და რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად.
შეხვედრისას ასევე განხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მხარეებმა ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზეც იმსჯელეს.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ძალიან დიდი ინტერესი გამოიკვეთა საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესებთან, დემოკრატიულ რეფორმებთან და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით.
„საქართველოს ჰქონდა და მომავალშიც ექნება გერმანიის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა”, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






