2012 წელს როცა საქართველოში მთავრობა შეიცვალა ის საპატიმროდან საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საბოლოოდ კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩატაევი უდანაშაულოდ ცნო.
ინფორმაციის გაჟღერებისთანავე ფაქტს შეფასებები მოჰყვა ქართველი ჟურნალისტების მხრიდან. ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ ჩატაევი - იგივე "ცალხელა ახმედი"-ს გათავისუფლებას უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აქტიურად მოითხოვდა.
როგორც კილაძემ "ნიუპოსტს" განუცხადა კაკაბაძის აქტიურობით და შუამდგომლობით, მოხდა ჩატაევის ცოლის პანკისიდან გაყვანაც.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ აჰმედ ჩატაევი რუსული "გრუ" - ს წარმომადგენელია, შესაბამისად ქრონიკა პლუსის რედაქტორი არც იმას გამორიცხავს, რომ თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის უკან რუსეთი იდგეს.
"ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, ჩატაევი ციხეში იჯდა. ის ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე იხდიდა სასჯელს. ჩატაევი - იგივე ცალხელა ახმედი იყო ის პირი, რომლებიც ლაფანყურის სპეცოპერაციაში მონაწილე ადამიანებს მომლაპარაკებლად გაუგზავნა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ და შემდეგ როცა ეს სპეცოპერაცია დასრულდა იმ შედეგით რითაც დასრულდა, ჩატაევი დააკავეს და დააკავეს ძალიან რთულ ვითარებაში, რადგან ის გარდაცვლილი ეგონათ. დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ჩატაევი ტყეში იმყოფებოდა და ბოლოს თავად ჩაბარდა ქართველ სამართალდამცავებს საზღვარზე"- აღნიშნა ელისო კილაძემ.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებას ნანა კაკაბაძე აქტიურად მოითხოვდა.
"კაკაბაძე ითხოვდა არამხოლოდ ჩატაევის გათავისუფლებას, მას შემდეგ რაც ჩატაევმა საქართველო დატოვა კაკაბაძე ითხოვდა მისი მეუღლის საქართველოდან გაყვანას - კაკაბაძე პირადად იყო ამ საქმეში ჩართული. ცნობილია, რომ ჩატაევი 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს- პროკურატურა შევიდა საქალაქო სასამართლოში ამ შუამდგომლობით, თუმცა მისი გათავისუფლების მთავარი პირობა იყო, რომ ის მიდიოდა სამკურნალოდ ვენაში, სადაც კონკრეტულ მისამართზე უნდა დასახლებულიყო და მკურნალობის დასრულებისთანავე, უნდა გამოცხადებულიყო პროკურატურაში და უნდა მიეცა გამოძიებისთვის ჩვენება და დახმარება უნდა აღმოეჩინა მიმდინარე გამოძიებაში. ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოძიება კი სადღაც თაროზეა შემოდებული. ჩემი ინფორმაციით, როდესაც ქართველი სამართალდამცავები ვენაში ჩავიდნენ და კონკრეტულ მისამართზე მიაკითხეს ჩატაევს ის იქ აღარ ცხოვრობდა მისი კვალი დაიკარგა. როგორც ჩანს ამის შემდეგ ის აგრძელებდა იმ საქმიანობას რითაც ის ადრე იყო დაკავებული. დღეს უკვე უცხოური მედია წერს, რომ თურქეთის ტერაქტში ახმედ ჩატაევის გვარი იკვეთება"- აღნიშნა ელისო კილაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა ჩატაევი რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული და შესაბამისად არის თუ არა გამორიცხული რომ თურქეთში მომხდარი ტერაქტის უკან რუსეთი იდგეს, კილაძე ამ ფაქტს არ გამორიცხავს.
"ჩატაევი რუსული გრუ-ს წარმომადგენელი იყო, თავის დროზე ის დაკავებულიც კი იყო უკრაინაში. რუსეთი მის გადაცემას მუდმივად ითხოვდა, რადგან ჩატაევი სერიოზული ინფორმაციის მატარებელია. საბოლოო ჯამში ჩატაევი საქართველოში ჩამოიყვანეს იმიტომ რომ საქართველოს მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა წერილით მიმართა უკრაინელ კოლეგას და მოითხოვა ჩატაევის გადმოცემა, რადგან ის საქართველოში ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. ასე აღმოჩნდა ახმედ ჩატაევი საქართველოში"- აღნიშნა ელისო კილაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
რაც შეეხება ნანა კაკაბაძის კომენტარს, "ნიუპოსტთან" უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ ახმედ ჩატაევის შეწყალების მოთხოვნა მას არ დაუყენებია.
"მსგავსი ინფორმაცია, რომ ჩატაევი შეიწყალე მე არ მაქვს. პირველად მესმის, რომ ის შეწყალებით გავიდა ციხიდან. შეწყალებაზე მე რა რეკომენდაცია უნდა გამეწია ეს შეიძლება ჰკითხოთ პრეზიდენტს. მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა"- გვითხრა კაკაბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






