თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას უკანონობას უწოდებს. როგორც "ნიუპოსტს" მამუკა ახვლედიანმა განუცხადა, ის პოსტიდან არაუფლებამოსილმა ორგანომ გაათავისუფლა.
"ჩემი გათავისუფლება იყო არაკანონიერი და ამის შესახებ მე პირველივე დღეებში ვაცხადებდი, დღეს სახალხო დამცველმაც დაადასტურა, რომ მე არაუფლებამოსილმა ორგანომ გამათავისუფლა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთოდ არ შეეძლო საქმეზე გადაწყვეტილების მიღება. ეს იყო სადისისციპლინო კოლეგიის პრეროგატივა.
თუ საბჭო იმსჯელებდა და დაადგენდა რომ შესაძლო დარღვევებს შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა, საქმე უნდა გადაეცა სადისციპლინო კოლეგიისთვის. ამ ლოგიკით იგივე წარმატებით შეიძლება გადააყენოს სასამართლოს თავმჯდომარე მაგალითად: ჯანდაცვის მინისტრმა ან სპორტის მინისტრმა სწორედ იგივე გააკეთა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩემთან მიმართებაში - ეს მის კომპეტენციაში საერთოდ არ შედიოდა"- აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.
"ნიუპოსტთან" თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ სასამართლოში შეტანილ სარჩელზეც ისაუბრა.
"პირველმა ინსტანციამ საერთოდ არ განიხილა ჩემი სარჩელი, იმ მოტივით, რომ თურმე მე ამ საქმეზე იურიდიული ინტერესი არ მაქვს, პროცესიც კი არ ჩაატარა და ისე გამოაგზავნა გადაწყვეტილება ეს არის მათი მართლმსაჯულება" - თქვა ახვლედიანმა.
ცნობისთვის, ომბუდსმენის ოფისმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი საკუთარი ინიციატივით შეისწავლა.
ჟურნალისტებმა მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს სთხოვეს, თუმცა ეს უკანასკნელი შეფასებისგან თავს იკავებს და სხვებსაც იგივეს ურჩევს.
მასალის გამოყენების პირობები






