ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის სამი თვითმკვლელი ტერორისტია.
ათათურქის აეროპორტში აფეთქებათა სერია წუხელ, 28 ივნისს, 22 საათსა და 15 წუთზე მოხდა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ერთი აფეთქება საერთაშორისო ტერმინალთან მოხდა, სადაც ტერორისტმა სავარაუდოდ "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერორისტის მიერ ცეცხლის გახსნას, პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. მეორე აფეთქება ადგილობრივ ტერმინალთან მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოებში ტაქსების მძღოლებმა და სასწრაფოს ეკიპაჟებმა გადაიყვანეს.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, თურქეთის პრემიერის თქმით, ტერაქტის უკან დიდი ვარაუდით "ისლამური სახელმწიფო" დგას.
თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.
"ნიუპოსტი" თურქეთში, მყოფ საქართველოს მოქალაქეს დაუკავშირდა. მარიამ გუგუშვილი ტერაქტის დროს ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა.
"სამი აფეთქება იყო, აფეთქებას თან ახლდა სროლის ხმა. ამ სამიდან ერთი მოხდა საერთაშორიო ტერმინალთან, ხოლო მეორე ის, სადაც მგზავრები ჩამოდიან. მომხდარის გამო მთელს აეროპორტში პანიკა შეიქმნა. პანიკა იყო როგორც მომსახურე პერსონალში, ასევე მგზავრებში. მომსახურე პერსონალი, საერთოდ გაქრა აეროპორტის ტერიტორიიდან, რომ ინფორმაცია გაგვეგო იმის შესახებ თუ რა ხდებოდა და რას გვიპირებდნენ. ტელეფონში გადაღებული ფოტოებიც კი წამიშალეს, არ ვიცი რატომ... სულ რამდენიმე ფოტო დამრჩა უკვე გაეთ გადაღებული. ტერაქტის დროს, ჩვენ, ქართველები გაფრენის რეჟიმში ვიყავით, ველოდებოდით "ბორდინგის" დაწყებას. ფრენა 23:00 საათზე იყო, აფეთქების ხმა კი 22:15 წუთზე მოხდა. ჩვენ ვხედავდით თვითმფრინავს, რომელიც გასაფრენად მზად იყო, აფეთქებისთანავე თვითმფრინავი დატოვეს პილოტებმა და და ბორტგამცილებლებმა, ჩააქრეს სინათლე და დატოვეს ტერიტორია. არც არავის უთქვამს ჩვენთვის, რომ ფრენა გადაიდო ან გაუქმდა და სადმე გადაგიყვანთო. ასე სრულ გაურკვევლობაში ვიყავით, სამი საათის განმავლობაში პატარა მოსაცდელ დარბაზში. მას შემდეგ კი როდესაც მივხვდით, რომ ჩვენი პატრონი არავინ იყო, დავრეკეთ ცხელ ხაზზე, საკონსულოში და ავიახაზებში, რომლის ბილეთებიც გვქონდა, თუმცა ავიაკომპანიამ კონტაქტით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა. ფაქტიურად ბედის ანაბარა დაგვყარეს და რომ არა რამოდენიმე გოგონა, რომლებმაც საკონსულოს მიმართეს, დღესაც ათათურქის აეროპორტის მიმდებარედ ვიქნებოდით" - აცხადებს მოქალაქე.

მარიამ გუგუშვილი იხსენებს, რომ აეროპორტის მომსახურე პერსონალში სრული ქაოსი იყო და ადამიანებს გაურკვეველი მიმართულებით "ერეკებოდნენ".
"ცხვრებივით მიგვერეკებოდნენ ავტობუსისკენ, თუმცა სად მიჰყავდათ ხალხი არავისთვის განუმარტავთ. პერსონალი აეროპორტის ერთი ბოლოდან მეორესკენ გარბოდა და რომ ვთხოვდით სიტუაციაში გარკვევას ვერაფერს გვეუბნებოდნენ. ბოლოს საერთოდ გაქრნენ"- განაცხადა მარიამ გუგუშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.
მისი თქმით, აეროპორტი მას შემდეგ დატოვეს, რაც ადგილზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ და სპეციალური კორდონის საშუალებით გაიყვანეს ათათურქის აეროპორტიდან.
"საპასპორტო კონტროლი გაგვატარეს და ამის შემდეგ გამოგვიყვანეს ტერიტორიიდან. გასაოცარი ის იყო, რომ საკონსულოს წარმომადგენლები ერთ მხარეს იდგნენ, ჩვენ მეორე მხარეს, შუაში კი ჯებირი იყო - გალიაში გამომწყვდეული ცხოველებივით ვიყავით"- იხსენებს საქართველოს მოქალაქე რომელიც ტერაქტის თვითმხილველია.
მარიამ გუგუშვილმა ყურადღება ავიახაზების უპასუხისმგებლობაზე გაამახვილა და საკონსულოს ეფექტურ მუშაობაზე ისაუბრა.
"რომ არა კონსული ჩვენ ახლაც სადღაც ქუჩაში ვიქნებოდით. დიდი დროს დაკარგვის მიუხედავად, ჩვენმა კონსულმა მოაგვარა ჩვენი დაბინავების საკითხი და მაქსიმალურად მოგვაქცია ყურადღება. ახლაც სასტუმროში ვართ და ველოდებით ფრენები, როდის აღდგება. პირველი ფრენა დღეს 8 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორ მოახერხებენ ამას არ ვიცი, რადგან აეროპორტი საკმაოდ დაზიანებული იყო, ჩამონგრეული კედლები მახსოვს"- თქვა რესპონდენტმა.
დავით კაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






