სტამბოლში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თურქეთის ელჩმა საქართველოში. ელჩის განცხადებით, ეს არ იყო დარტყმა მხოლოდ თურქეთზე, არამედ ეს იყო შეტევა მთელ სამყაროზე. დიპლომატი ასევე აცხადებს, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვრები და მის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს.
„შემზარავი ფაქტია, სიტყვები არ მყოფნის მომხდარის აღსაწერად. სამწუხაროდ ეს მსოფლიოს ყველა კუთხეში ხდება. სამი თვის წინ მსგავსი რამ ბრიუსელში მოხდა, ახლა ეს სტამბოლში განმეორდა, ვიცი რამდენად ძვირფასი და მძიმეა საქართველოსთვის, რადგან ეს არის აეროპორტი, რომელსაც ტქვენც ხშირად იყენებთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო, 7 ტერორისტი იყო ჩართული და როგორც მე ვიცი სამი მათგანი თვითმკვლელი იყო. გარდაცვლილთა რიცხვი დილის მონაცემებით 36-37 ადამიანი იყო. 100-ზე მეტი კი დაშავებულია, მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს და ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს ასე არ მოხდეს. მთელი მსოფლიო გაერთიანებულია ამ ფაქტის შემდეგ. პრემიერი კვირიკაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაუყოვნებლივ გამოთქვა სამძიმარი და სოლიდარობა თურქი ხალხის მიმართ და მინდა მას მადლობა გადავუხადო, ისევე, როგორც ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის. ჩვენ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით უფრო ძლიერები ვხდებით და უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ დრომდე არ არიან საქართველოს მოქალაქეები არც დაღუპულთა და არც დაშავებულთა შორის“, - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
მასალის გამოყენების პირობები






