საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი დღეს გამართულ ბრიფინგზე 2016 წლის 1-5 ივლისს, თბილისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიის გამართვის საკითხსაც შეეხო. ეკა მიშველაძის თქმით პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი ეუთოს საპარალამენტო ასამბლეის პრეზიდენტად დეპუტატ გიგი წერეთლის კანდიდატურას.
აღნიშნულ საკითხზე „ნიუპოსტთან“ საუბრისას კომენტარს აკეთებს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში თენგიზ ფხალაძე. მისი განმარტებით, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის დანიშვნა მსგავს მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მისასალმებელია და ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება საუბარი იყოს რაიმე პოლიტიკურ კუთვნილებაზე.
„ეს არის მოცემულობა, როდესაც ქართველს, საქართველოს პარლამენტის წევრს აქვს საშუალება დაიკავოს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამდებობა. არ არის საუბარი პარტიულ ინტერესებსა და კუთვნილებაზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს წარმომადგენელი შეიძლება გახდეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მითუმეტეს 25-ე სესია ტარდება თბილისში, სრულიად ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი მიესალმება და მხარს უჭერს საქართველოს წარმომადგენლის არჩევას ამ მეტად მაღალ და საპასუხისმგებლო პოსტზე“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






