აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიმართვა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიას
პოლიტიკა - 15:27, 28 Jun, 2016     1281
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიას მიმართვას უგზავნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ქალაქ თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სესიის ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა. თქვენ ინფორმირებული ბრძანდებით საქართველოსთვის მეტად მტკივნეული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ. ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა. როგორც აფხაზეთიდან დევნილ უმაღლეს სახელისუფლებო ორგანოს, გვსურს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25- ე სესიის მონაწილეთა ყურადღება მივაპყროთ ჩვენს ავტონომიურ რესპუბლიკაში დატრიალებულ არნახულ ტრაგედიაზე, რომელიც თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ერთ მუჭა სეპარატისტებს ამოფარებული რუსეთის ფედერაციის მიერ 1992- 1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ფართომასშტაბიანი ჰიბრიდული ომის უმთავრესი შედეგი გახლავთ როგორც საქართველოს ტერიტორული მთლიანობის რღვევა, ისე არნახული ჰუმანიტარული კატასტროფა. ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელდა მშვიდობიანი, ძირითადად ქართველთა (მათ შორის ქალების, ბავშვების, ხანდაზმულთა და უნარშეზღუდულთა) წამება და უმოწყალო ხოცვა-ჟლეტვა. 1992 წლიდან დღემდე მოკლულია 5000-ზე მეტი ქართველი ეროვნების მშვიდობიანი მოქალაქე. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 400-ზე მეტი ადამიანი. საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ მარტო გალის რაიონში მოკლეს 1250-ზე მეტი ეთნიკური ქართველი. მკვიდრი მოსახლეობის (ქართველების) თავიანთ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობის მოსპობის მიზნით აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განზრახ გაანადგურეს ათასობით საცხოვრებელი სახლი, საკუთარი მიწა-წყლიდან განდევნეს მოსახლეობის 72%.

აფხაზეთში მომხდარი ტრაგედიის დამადასტურებელი დიდძალი ფაქტობრივი მასალაა შეკრებილი როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სტრუქტურების, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ამ ფაქტებზე დაყრდნობით ეუთოს ბუდაპეშტის სამიტმა (1994 წლის 5-6 დეკემბერი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაული შეაფასა, როგორც ეთნოწმენდა. აღნიშნული შეფასება აისახა ასევე ეუთოს ლისაბონისა (1996 წლის 2-3 დეკემბერი) და სტამბულის (1999 წ. 18-19 ნოემბერი) სამიტების გადაწყვეტილებებში. საქართველოს სპეციალური სახელმწიფო კომისიის, მთავარი პროკურატურის დასაბუთებული დასკვნებისა და სხვა კვლევების მიხედვით, ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ 1992-1993 წლებში აფხაზეთში განხორციელდა გაეროს 1948 წლის 9 დეკემბრის კონვენციის („გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“) II მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

აფხაზეთის ტრაგედია პერმანენტულ ხასიათს ატარებს და კვლავაც გრძელდება. მთელი კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ მოსაზრება, თითქოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტები „გაყინული“ კონფლიქტების რიგს მიეკუთვნებიან, სინამდვილეს არ შეეფერება. „გაყინულს“ ვერ ვუწოდებთ კონფლიქტებს ისეთ ტერიტორიებზე, რომელთა კანონიერი მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი განდევნილია საკუთარი სახლებიდან, რომელიც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის მიერ და მძლავრ სამხედრო ბაზად არის გადაქცეული. იგი ერთადერთია ევროპის მთელს კონტინენტზე, სადაც ამ დღეებში, საათებსა და წუთებშიც კი, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში მნიშვნელოვან პრობლემებს იხილავს, ადამიანთა მოდგმისთვის სრულიად შეუფერებელი ველური მეთოდებით ტოტალურად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები.

კონფლიქტები საქართველოში „გაყინულია“ მხოლოდ ქაღალდზე. რუსეთი აგრძელებს ქართული ტერიტორიების „მცოცავ“ ოკუპაციას. არ არის „გაყინული“ ადამიანთა ტანჯვა-წამება, მათი დისკრიმინაცია და ღირსების შემლახველი ქმედებები. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანთა გატაცებები, ყაჩაღობა, ძარცვა და მკვლელობები. ყოველდღიურად ირღვევა ასობით ადამიანის უფლება გადაადგილებაზე, საკუთრებაზე, ჯანმრთელობის დაცვაზე. აფხაზეთში ქართველებს ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, ეკონომიური აქტიურობა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის კონცენტრირებულ გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ ამა წლის 19 მაისს გიგა ოთხოზორიას თავხედური მკვლელობა რუსეთის მიერ „დაცულ“ ხელოვნურ საზღვართან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩაში უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობის თვალწინ.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო იმედოვნებს, რომ ეუთოს ასამბლეის ყურადღების მიღმა არ დარჩება:

- აფხაზეთში 1992 წლიდან დღემდე მიმდინარე ქართული ეროვნების მკვიდრი მოსახლეობის ეთნოწმენდის, გენოციდის ფაქტები;

- ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა;

- რუსეთის მხრიდან სისტემატური „მცოცავი“ ოკუპაციის განხორციელება, „დამოუკიდებელი“ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ანექსიის მცდელობა;

- აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზებიდან გამომდინარე საფრთხეები, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის, ისე მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის;

- ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის საკითხი;

ღრმად პატივცემულო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის მუშაობაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლებო! დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭო მოგიწოდებთ სათანადო შეფასება მისცეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ უმძიმეს ვითარებას.

ერთხმად მიღებულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს

სესიის მიერ. 2016 წლის 24 ივნისი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42