ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "ბარიერში" სტუმრობისას ისაუბრა, თუმცა პრეზიდენტმა ზოგადი ვითარება მიმოიხილა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ამ საქმეზე ძალიან ბევრი კომენტარი გაკეთდა რაც არასწორია.
"ბუნებრივია სასამართლო პროცესზე კომენტარს არ გავაკეთებ, შემიძლია ზოგადად გავაკეთო კომენტარი იმაზე რაც ვითარდება. რუსთავი 2 - ის საქმეში ძალიან აქტიური იყო პოლიტიკური კლასი. ძალიან ბევრი კომენტარები კეთდებოდა, ახლა ნაკლები კეთდება. ზედმეტი ჩართულობა იყო, ვიდრე საჭირო იყო და სამართლიანი და სტაბილური სამართალწარმოების პროცესი საჭიროებს. შემიძლია ძალიან ნათლად ვთქვა : პოლიტიკოსმა შეიძლება გააკეთოს მხოლოდ ერთი კომენტარი - ისაუბროს მედიის თავისუფლებაზე. დანარჩენი კომენტარები მედიაზე, რომ არ მოგვწონს, ვებრძვით, გვებრძვის მიუღებელია და არ ჯდება დემოკრატიული სახელმწიფოს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო სტანდარტში"- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით "რუსთავი2" სერიოზული მედია მოთამაშეა.
"ფაქტია, რომ რუსთავი 2 მედია ლადნშაფტის სერიოზული მოთამაშეა, მეტსაც გეტყვით - ფაქტია, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის პოლიტიკოსებიც განიხილავენ ძალიან აქტიურად"- თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ბრიუსელში შეხვედრა არ ქონია, სადაც რუსთავი 2- თან დაკავშირებით კითხვა არ დაესვათ.
"რუსთავი 2 - ის და, საერთოდ მედია დამოუკიდებლობა და მათ შორის კრიტიკულობა ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია ჩვენი დემოკრატიულობისა და დემოკრატიული არჩევნების. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა და მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსები არ უნდა ვერეოდეთ ამ პროცესში"- აღნიშნა მარგველასვილმა.
"ბარიერის" წამყვანმა პრეზიდენტს მკაფიო განცხადების გაკეთება სთხოვა საკითხზე არის თუ არა რუსთავი 2 - ის საქმეში ხელისუფლების ინტერესი, რაზეც ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "არ არის სწორი საქმეზე რომელიც სასამართლოში იხილება პოლიტიკოსმა კომენტარი გააკეთოს".
"მეც ხელისუფლების ნაწილი ვარ არ ვსაუბრობ სასამართლოზე და ვსაუბრობ პოლიტიკოსებზე. ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გადავიდა ზღვარს მედიასთან ურთიერთობის არსებულ სტანდარტს. მეც პოლიტიკოსი ვარ და არ ვებრძვი რუსთავი 2 -ს პირიქით, მიმაჩნია, რომ კრიტიკული მედიის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. იმასაც გიდასტურებთ, რომ ეს თემა არის უმთავრესი ჩვენს პარტნიორებთან დისკუსიის დროს. პარტნიორებს თავი რომ დავანებოთ, ქართულ რეალობაში, არხის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები იქნება ეს კავკასია, რუსთავი 2 თუ სხვა მედია აღიქმება ჩვენივე პოლიტიკურ კულტურაში, ქართველებისთვისვე მიუღებლად. თუმცა კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სასამართლოს განხილვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ... მესმის, რომ ეცადეთ, მაგრამ მე ამაზე პასუხს არ გაგცემდით სანამ სასამართლო არ მორჩება"- განმარტა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






