საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი თავიდან წარადგინა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანა დოლიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივნის თანამდებობას დაიკავებს:
„დღეს მსურს გავაკეთო განცხადება იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეული პერიოდია მიმდიანარეობს, რამდენიმე თვის წინ წარვადგინე სამი მოსამართლის კანდიდატურა, და მოხდა ისე, რომ პარლამენტმა არ დაამტკიცა ჩემს მიერ წარდგენილი კანდიდატურები, ეს არის განსაკუთრებით პრობლემური, სამივე კანდიდატურა არის უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტი და პარლამენტში არცერთი პოზიცია მათ წინააღმდეგ არ დაფიქსირებულა, ბუნებრივი იყო რომ დამტკიცებულიყვნენ, რთულ ვითარებაში არის ჩვენი უზენაესი სასამართლო, სადაც ვეღარ ფუნქციონირებს სისხლის სამართლის კოლეგია, მსურს მოვუწოდო პარლამენტს მიიღოს მხედველობაში ეს ვითარება და სერიოზულად იმსჯელოს.
ჩვენ ვაწარმოეთ კონსულტაცია და დღეს ხელახლა წარვადგენ ქალბატონ თამარ ლალიაშვილისა და ნონა თოდუას კანდიატურებს. ჩემი მზაობა, მხარი დავუჭირო მათ, კიდევ უფრო მტკიცეა.
ანა დოლიძე საპარლამენტო მდივნის ფუნქციას იტვირთებს. პირველივე მისი დავალება და მისი საქმიანობა დაკავშირებულია იმ პროცესთან რაც მოსამართლეების დამტკიცებას შეეხება.
მსურს გამოვთქვა იმედი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს სწორედ მერვე მოწვევის პარლამენტი, ვართ ინფორმირებული რომ პარლამენტი სექტემბერში აპირებს შეკრებას, თუ სექტემბრამდე საჭირო იქნება მზად ვარ მხარი დავუჭირო საგანგებო სხდომის მოწვევას. ხელახლა წარმოგიდგენთ ორ კანიდატურას, მესამე კი გადმოდის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაოდ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






