საერთო საცხოვრებელი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა. როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო, აშენდა 3 საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. ასევე, გაკეთდა: კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რაც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის. შენობის გარეთ გაკეთდა შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და მოეწყო გარე განათება. მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 5.250.777 ლარი შეადგინა.
მშენებლობა 2015 წელს პრემიერმინისტრის ინიციატივით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინებია. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.
რაც შეეხება საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა განთავსებას, უახლოეს მომავალში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მიმართულებით წესსა და პროცედურებს შეიმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები






