ექსპერტი გია ხუხაშვილი ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურში განხორციელებული ცვლილებების უკან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ხედავს.
როგორც ექსპერტმა "ნიუპოსტს" განუცხადა, "იმედი" ხელისუფლებისთვის დისკომფორტი არასდროს იყო.
"არამგონია, რომ იმედში პოლიტიკურ ჩარევასთან გვქონდეს საქმე, რადგან იმედი ხელისუფლებას დისკომფორტს არ უქმნიდა. ამიტომ ამ ცვლილების ზედმეტად პოლიტიზირება არამგონია სწორი იყოს. შეიძლება ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები ჩარევასთან გვქონდეს საქმე, რადგან მეტად კომფორტული გახდეს ეს არხი ხელისუფლებისთვის. თორემ სარედაქციო პოლიტიკაში რაიმე პრობლემები იყო და ამიტომ მოხდა ცვლილება ეს ასე არ მგონია. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რომ არხის ჟურნალისტებისთვის ეს საკადრო ცვლილება მოულოდნელი იყო და ფაქტობრივად ფაქტის წინაშე დააყენეს ისინი, ცუდი საქციელია. როცა ჭორის დონეზე, გარედან იგებს ცვლილების შესახებ შენი ჟურნალისტი, ბუნებრივია, ეს სერიოზული ხარვეზია მენეჯმენტის თვალსაზრისით"- განუცხადა "ნიუპოსტს" გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება საერთო სურათს, ხუხაშვილი ამბობს, რომ "ხელისუფლებას შესაძლოა მედიის მონოპოლიზების სურვილი აქვს, თუმცა ამას ვერ ახერხებს".
"თუ გავაკეთებთ შედარებით ანალიზს, ჯერ-ჯერობით ვითარება არის ბევრად უკეთესი ვიდრე ეს იყო 2012 წლის არჩევნების წინ, როცა მედია ეკუთვნოდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. მედიის გარშემო მიმდინარე პროცესები დღესაც არის შემაშფოთებელი, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჩვენ ვხედავ, რომ რომც ჰქონდეთ ვიღაცეებს ხელისუფლებაში იმის სურვილი, რომ ჩაიგდოს მედია, ის ამას მაინცდამაინც ხარისხიანად ვერ აკეთებს"-განმარტა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეგტილებით ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად ჟურნალისტი ნანა ლეჟავა დაინიშნა. ლეჟავამ ამ თანმამდებობაზე მაია თაბაგარი ჩაანაცვლა.ნანა ლეჟავას დანიშვნას მოულოდენელი აღმოჩნდა არხის თანამშრომლებისთვის. საკადრო ცვლილებამ ჟურნალისტებში კითხვები გააჩინა.
მასალის გამოყენების პირობები






