დავიწყოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, როგორც "ნიუპოსტს" მღებრიშვილის უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სსკ 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაჭრა სავარაუდოდ, ნაცნობებს შორის არსებული კონფლიქტის საფუძველზე მოხდა.
საპირისპიროს ამტკიცებენ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის მესამე სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის ზურაბ ხასიას ოჯახის წევრები.
როგორც ისინი "ნიუპოსტთან" აცხადებენ, დღეს გამთენიისას დაჭრილს დაახლოებით 04:20 საათზე უცნობებმა დაუძახეს, ეზოში გასვლიდან მალევე, კი მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
"დაუძახეს ხმა ვერ გავარჩიეთ, შარვალი ამოიცვა და როგორც კი გავიდა ჩვენი ეზოდან, უფრო კონკრეტულად ვენახიდან ცეცხლი გაუხსნეს. სიბნელეში თავდამსხმელის სახე ვერ გავარჩიეთ"- აცხადებენ დაჭრილი მამაკაცის ოჯახის წევრები.
როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტს დაჭრილის ახლობლებმა განუცხადეს, ხასიაზე თავდასხმა დაახლოებით ერთი წლის წინაც განხორციელდა, მაშინ ამ უკანასკნელს სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა ვინმე ნაჭყებიამ ავტომობილი დაუწვა. ის დღეს პრობაციონერია.
დაჭრილის ოჯახი მეზობელთან კონფლიქტს კატეგორიულად გამორიცხავს.
ოჯახი ვერ აკონკრეტებს, არის თუ არა დღეს მომხდარ დანაშაულში გარეული ხასიასთან დაპირისპირებული ყოფილი თანამშრომელი, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ ზურაბ ხასია ოჯახის პოლიტიკური აქტივობის გამო მოხსნეს თანამდებობიდან და შესაძლოა დანაშაულიც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.
ხასიას ოჯახი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია და შუალედურ არჩევნებზე სწორედ ენმ-ს უჭერდნენ მხარს.
მასალის გამოყენების პირობები






