„რუსეთი გიუმრის (სომხეთი), ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ბაზებზე ანტისაჰაერო სისტემებს ანთავსებს, რათა ნატოს გაფართოება შეაფერხოს და შავ ზღვაზე კონტროლი მოიპოვოს. ეს სამუშაოები ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს კარგა ხანია დაწყებული აქვს, თუმცა საქართველოს მთავრობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. ზემოთ ჩამოთვლილი 3 ლოკაციიდან 2 საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, შესაბამისად ნატოს წინააღმდეგ პლაცდარმად და შავი ზღვის კონტროლისთვის რუსეთი იყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას, ისევე როგორც უკრაინას - ოკუპირებული ყირიმის შემთხვევაში.
ნატო-რუსეთის დაპირისპირების ფონზე, აქამდე საქართველოს თუ ბუფერული ზონის სტატუსი ეკავა, ხვალ ორივე მხრიდან კონფლიქტის ასპარეზი შეიძლება გახდეს. ეს არის, არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისთვის ძალზედ სერიოზული გამოწვევა. საინტერესოა, ამ დროს რას აკეთებს საქართველოს მთავრობა? რას აკეთებს, კერძოდ, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები და დიპლომატიური კორპუსი? ფაქტი ერთია, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსული საფრთხის წინაშე არასაკმარისი და არაეფექტურია.
საქართველოს მთავრობის არაეფექტური და არათანმიმდევრული პოლიტიკა ხვალ შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, აქტიურად ვითანამშრომლოთ დასავლეთის ქვეყნების საგარეო უწყებებთან და ორგანიზაციებთან, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ლობისტურ წრეებთან, რათა დასავლეთისა და რუსეთის დიალოგის ყველა ფორმატი გამოყენებულ იქნას ზემოაღნიშნული საფრთხის და რუსული აგრესიის მინიმალიზაციისათვის“,- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






