საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის ანგარიშის პროექტი ევროპარლამენტის ოფიცილურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ შეასრულა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება, და მომხსენებელი ძალზედ პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ, ევროკომისიის დასკვნის შემდეგაც, შეიმუშავა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და გააგრძელა დაწყებული რეფორმები იმ სფეროებში, სადაც უკვე მიღწეული იყო საკმარისი პროგრესი.
ხაზგასმულია, ასევე, რომ ასოცირების შეთანხმების დადებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, ღრმა და ყოვლის მომცველმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ კი მნიშვნელოვნად გაზარდა ევროკავშირის, როგორც საქართველოს კომერციული პარტნიორის როლი.
დასასრულს მომხსენებელი აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღებით, ევროპარლამენტი დაადასტურებს იმ პრინციპებისადმი ერთგულებას, რომ თითოეულ ქვეყანას ყველა შესაბამისი კრიტერიუმის წარმატებით შესრულების შემდეგ, შეუძლია ისარგებლოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით.
მასალის გამოყენების პირობები






