დღეს, დილით, თავდასხმა მოხდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფზე. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრებოდნენ. ინტერვიუებს იღებდნენ, როდესაც მათ უცნობმა პირმა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო რუსთავი 2-ის ოპერატორს - ფიზიკური.
ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, სავარაუდოდ, თავდამსხმელის თანმხლები ქალბატონი მას დაუპირისპირდა და არ აძლევდა ტელეფონით ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გადაღების საშუალებას.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა. კურიერის ინფორმაციით დაკითხვაზეა გადაყვანილი თავდასხმაში მონაწილე პირიც.
ამ ფაქტს გამოეხმაურა "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც განაცხადა, რომ სახეზეა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევა, რაც ცემას გულისხმობს, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.
"მოგიწოდებთ და მოვითხოვ მთელი გუნდის სახელით, დაუყოვნებლივ დააკავოთ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდამსხმელი და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინოთ პასუხი. 125-ე ცემის მუხლი არ მიიღება. შეგახსენებთ, ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა ინციდენტი და სხეულის დაზიანებასთან ერთად, მინიმუმ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა," - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და შს სამინისტროს მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები






