კულტურის ინსტიტუტის გახსნის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ პრესკონფერენცია და ასოციაცია „ევროპა-აფხაზეთის“ პრეზენტაცია გამართა. როგორც დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები აღნიშნავენ აღნიშნული ასოციაცია, პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში აფხაზური პასპორტების გამოყენებით დარეგისტრირდა.
„იტალიაში აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტის გახსნა, ეს ფაქტიურად პირველი ნაბიჯია იტალიის და აფხაზეთის დაკარგული ისტორიული კავშირების აღსადგენად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კულტურული დაწესებულების ნაყოფიერ შედეგს მალე ვნახავთ“- განაცხადა ვიაჩესლავ ჩირიკბამ. იმავე დღეს მოხდა ახალი გაზეთის „აფხაზეთი დღეს“ პრეზენტაციაც, რომელიც 4 ენოვანი იქნება და კვარტალში ერთხელ გამოვა.
რომში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება ჩირიკბას მოადგილე კან ტანიაც. მისი თქმით ასოციაცია „ევროპა-აფხაზეთის“ პრეზიენტაციას რომის პაპიც გამოეხმაურა და წმინდა პეტრეს მოედანზე გადაღებული ფოტოები და იმ გაზეთების სქრინშოტები გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ რომის პაპმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აფხაზეთიც ახსენა.
“წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ფრანცისკეს ვუსმენდი, რომელიც ასოციაცია “ევროპა-აფხაზეთი” წარმომადგენლებს (ამ შემთხვევაში მე) მიესალმა. სასიამოვნო მოსასმენი იყო, პაპმა ჩვენი ქვეყნის, აფხაზეთის სახელწოდება წარმოთქვა. რის შემდეგაც გვერდით მდგარმა ჩემთვის უცნობმა პირებმა აფხაზეთზე კითხვები მომაყარეს. ეს ფოტო წმინდა პეტრეს მოედანზეა გადაღებული, სქრინშოტები კი იმ გაზეთებიდანაა, სადაც პაპის მისალმების სტენოგრამა გამოქვეყნდა.”– წერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია.
აფხაზეთის კულტურის ინსიტიუტის გახსნას გუშინ გამოეხმაურა საქართველოს ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე. მისი ინფორმაციით, აფხაზური კულტურის ინსტიტუტს რომში ფუნქციონირების საშუალება არ მიეცემა. მისი განმარტებით, საქმე ეხება კერძო პირების ინიციატივას, რომელსაც არანაირი ოფიციალურ სტატუსი არ აქვს, რადგან იტალია განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის იტალიაში ვიზიტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყებაში განუცხადეს, ეს არის კერძო პირების ინიციატივა და არ აქვს არანაირი ოფიციალური სტატუსი. ,,იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველო და იტალია აქტიურად თანამშრომლობენ ევროკავშირის „არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის“ ფარგლებში. ყველაფერი, რაც წინააღმდეგობაში მოდის იტალიის ოფიციალურ პოზიციასა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობასთან, ტრადიციულად დროულად აღიკვეთება ხოლმე იტალიის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ” - განაცხადეს ნიუპოსტთან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.






მასალის გამოყენების პირობები






