საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვის შეფასება
2016 წლის 22 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე, “სამართლიანმა არჩევნებმა” კენჭისყრის, ხმის დათვლისა და შეჯამების პროცესში და შემაჯამებელ აქტებთან დაკავშირებთ გამოვლენილ დარღვევებზე საოლქო საარჩევნო კომისიებს 11 საჩივრით მიმართა. ძირითადი მოთხოვნა საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის კომისიის წევრთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება იყო. წარდგენილი საჩივრებიდან დაკმაყოფილდა 5 საჩივარი, 2 არ დაკმაყოფილდა, ხოლო 4 საჩივარი განუხილველი დარჩა.
ძირითადად, დარღვევები კენჭისყრის პროცესში და ხმის დათვლის დროს გამოვლინდა, როგორიცაა, საარჩევნო დოკუმენტაციის არასწორად წარმოება, ამომრჩევლის ხელმოწერის გამორჩენა, ბიულეტენის დაკარგვა უბნიდან და სხვა:
1. კასპის #37 უბანი - დევნილმა ამომრჩეველმა ხმა მისცა დევნილის მოწმობის გარეშე;
2. კასპის #30 უბანზე - ამომრჩეველმა ხმა მისცა კაბინის გარეთ;
3. კასპის #32 უბანზე - ერთიან სიაში არ იყო მითითება გადასატან ყუთში შეყვანილ ამომრჩევლებზე;
4. კასპის #30 უბანზე - ხმის დათვლის პროცესში საკონტროლო ფურცლები არ დაემთხვა ერთმანეთს;
5. ოზურგეთის #59 უბანზე - ყუთში მოთავსებული ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი აღმოჩნდა ხელმოწერების რაოდენობაზე;
6. წყალტუბოს #52 უბანზე - ერთიან სიაში არ იყო მითითება გადასატან ყუთში შეყვანილ ამომრჩევლებზე;
7. წყალტუბოს #50 უბანზე - ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვერტის გარეშე მოათავსა ყუთში;
8. წყალტუბოს #49-ე უბანზე - მდივანმა საკონტროლო ფურცელში არ მიუთითა პირველი ამომრჩევლის მონაცემები სრულყოფილად, კერძოდ, რეგისტრაციის მისამართი;
9. წყალტუბოს #51 უბანზე - გადასატანი ყუთით ხმის მიცემისას აკლდა ამომრჩევლის ხელმოწერა სიაში;
10. გლდანის #21 უბანზე - ხმის დათვლის პროცესში ამომრჩეველთა ხელმოწერა ერთით აღემატებოდა საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების რაოდენობას;
11. გლდანის #16 უბანზე - რეგისტრატორ კომისიის წევრს გამორჩა ამომრჩევლის ხელმოწერა სიაში.
ორგანიზაციამ საჩივრებით მიმართა შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებს:
ოლქის დასახელება
საჩივრების რაოდენობა
დაკმაყოფილდა
არ დაკმაყოფილდა
განუხილველად იქნა დატოვებული
სასამართლო
წყალტუბო
4
2
-
2
არ დაკმაყოფილდა
კასპი
4
3
1
ოზურგეთი
1
1
გლდანი
2
2
არ დაკმაყოფილა
საჩივრების წარდგენისა და მათი განხილვა-გადაწყვეტის პროცესში ტენდენციის სახით გამოიკვეთა რამდენიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მომავალ არჩევნებზე დაკვირვებისა და საჩივრების წარდგენის თვალსაზრისით.
კერძოდ, კანონის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, „სამართლიანი არჩევნები“ მიმართავდა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს უბანზე ჩადენილი დარღვევის შესახებ დამრღვევი კომისიის წევრის დისციპლინურ პასუხისმგებლობის მოთხოვნით. საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრის განხილვისა და მისი საფუძვლიანობის შესწავლის შემდეგ იღებდნენ გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ. ასეც მოხდა კასპისა და ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ საჩივრებზე.
რაც შეეხება წყალტუბოსა და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, მათ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებზე განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი სტანდარტები დააწესეს. კერძოდ, წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიამ არ განიხილა ოლქში წარდგენილი ის საჩივრები, რომელში აღნიშნული დარღვევაც შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში არ იყო დაფიქსირებული. ხოლო ის საჩივრები, რომელში აღნიშნული დარღვევაც ჩანაწერთა წიგნში იყო ასახული, საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა.
სრულიად განსხვავებულად მიუდგა საკითხს გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია. მათ არ განიხილეს არც ერთი საჩივარი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა აღნიშნული დაფიქსირებული ჩანაწერთა წიგნებში და მეტიც, მათ ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო კომისიაში რომელიც უშუალოდ დარღვევის ფაქტს არ შეესწრო და საუბნო კომისიაში დამკვირვებლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წარადგინა საჩივარი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, არაუფლებამოსილ პირად მიიჩნიეს. კომისიის წარმომადგენელთა მტკიცებით, საჩივარი იმ დამკვირვებელს უნდა დაეწერა, რომელიც უშუალოდ შეესწრო დარღვევის ფაქტს საარჩევნო უბანზე.
სასამართლოში საჩივრების განხილვის შეფასება
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ წყალტუბოსა და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილება საჩივრების განუხლიველად დატოვების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა გლდანისა და წყალტუბოს კომისიების არგუმენტები გაიზიარეს და უცვლელად დატოვეს მათი გადაწყვეტილებები, რაც წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან მიმართებით 2013 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, სასამართლოს ორივე ინსტანციამ გაიზიარა საოლქო საარჩევნო კომისიების პოზიცია, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის უფლება სადამკვირვებლო ორგანიზაციას აქვს იმ შემთხვევაში თუ:
1. დარღვევის შესახებ განცხადება საჩივრით მიმართავს უშუალოდ საუბნო საარჩევნო კომისიას;
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით საჩივრის წარდგენის უფლება აქვს უშუალოდ იმ დამკვირვებელს, რომელმაც დააფიქსირა დარღვევა.
უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საარჩევნო კოდექსის 72-ე-73-ე და 28-ე მუხლები ერთობლიობაში და შექმნა პრეცედენტი, რომელიც არ შეესაბამება საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები რეგულირდება საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლით, რომლის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევა იწვევს დამრღვევი კომისიის წევრისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისთვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. შესაბამისად, დამკვირვებლი ორგანიზაცია ვალდებულია მიმართოს მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიას. იმ შემთხვევაში თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიას წარედგინება, ის განუხილველად დარჩება, ვინაიდან საუბნო კომისიას ამ შინაარსის საჩივრის განხილვის უფლებამოსილება არ აქვს.
გარდა ამისა, უფლებამოსილი პირი, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადება/საჩივრით მიმართავს დისციპლინური თუ ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, არის როგორც დამკვირვებელი, ასევე თვითონ ორგანიზაცია, რაც განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დამკვირვებელი ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა თავისივე დამკვირვებლის მეშვეობით ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურების დარღვევის თაობაზე, ორგანიზაცია უფლებამოსილია მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას საკუთარი ნებისმიერი დამკვირვებლის განცხადებით. ამ შემთხვევაში, არ შეიძლება დამკვირვებელი და ორგანიზაცია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს და სხვადასხვა სუბიექტად ჩაითვალოს.
აღნიშნული მოსაზრება 2013 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჩამოაყალიბა და სხვა საარჩევნო ოლქების მიერ დადგენილი პრაქტიკაც ამგვარი იყო წლების განმავლობაში. ორგანიზაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრებს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოთხოვნით წარადგენდა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების, სასამართლო გადაწყვეტილებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად.
საგულისხმოა, რომ თბილისში გამართულ სასამართლო პროცესებზე ორივე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეები მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპს უგულვებელყოფდნენ და, რიგ შემთხვევებში, გამოდიოდნენ როგორც მხარე საარჩევნო ადმინისტრაციის სასარგებლოდ. მოსარჩელე მხარეს არ აძლევდა შესაძლებლობას სრულყოფილად ჩამოეყალიბებინა პოზიცია. ამასთანავე, ორივე ინსტანციის მოსამართლეები კარგად არ იყვნენ გაცნობიერებული საარჩევნო კოდექსში, კერძოდ საარჩევნო დავების ნაწილში.
ამასთანავე, როგორც საოლქო საარჩევნო კომისია, ასევე სასამართლო, პროცესზე რჩევებს აძლევდნენ სადამკვირვებლო ორგანიზაციას მაგალითად: „უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა თუ დაწერა საჩივარი დაწეროს ოლქის სახელზე და გაატანოს მობილურ ჯგუფს“; „საჩივარი შეიტანოს მომდევნო დღეს“ და ა.შ., რაც სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩარევად შეიძლება შეფასდეს.
საგულისხმოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ორგანიზაციას სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე 3 საათით ადრე ჩააბარა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდულ ვადას წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის მოსამზადებლად და სასამართლოში წარსადგენად.
სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ცხადყო, რომ საარჩევნო დავებთან დაკავშირებული რეგულაციები ბუნდოვანია და საოლქო საარჩევნო კომისიები საჩივრების განხილვის პროცესში მათ არაერთგვაროვნად იყენებენ.
საარჩევნო დავების სასამართლოში განხილვის ვადები არაგონივრულად შეზღუდულია, ხოლო სასამართლო საჭიროებს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით კომპეტენციის ამაღლებას.
2016 წლის 22 მაისის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები 7 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, რომელსაც მონიტორინგს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 29 მოკლევადიანი, 7 ოლქის დამკვირვებლისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით ახორციელებდა.
მასალის გამოყენების პირობები






