საუბრის მთავარი თემა უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად სპეციალური ჯგუფი შეიქმნა.
"მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მიდის საუბარი საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებაზე, იქნებოდა ეს სისტემური ცვლილებები თუ საარჩევნო კოდექსის ნაწილის ცვლილები პრეზიდენტი ყოველთვის ცდილობდა დახმარებოდა პოლიტიკურ ძალებს ამ ცვლილებების მიღწევაში. ჯერ იყო კონსენსუსის მიღწევის მცდელობა, როდესაც საუბარი იყო საარჩევნო სისტემაში კონსტიტუციურ ცვლილებაზე, სამწუხაროდ ეს მაშინ არ გამოვიდა, რადგან მმართველი ძალა არ წამოვიდა ამაზე, შემდეგი იყო გერმანული მოდელი, რომლის ინიცირებას ჩვენ დავუჭირეთ მხარი, სამწუხაროდ, ესეც არ არის დაძრული მკვდარი წერტილიდან, რაც შეეხება იმ ცვლილებებს რომელზედაც ახლა არის საუბარი, ეს არის იმდენად მინიმალური ცვლილება, რომ აუცილებელია, განხორციელდეს, რადგან ერთის მხრივ არ გაუუარესდეთ მდგომარეობა პოლიტიკურ ძალებს, იმ ცვლილებებით, რომელიც ორი მოსმენით უკვე მიღებულია. ამავდროულად აუცილებელია შეიქმნას მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო, პოლიტიკური მოთამაშეებისთვის.
ყველა ეს არგუმენტაცია ჩვენ ძალიან მუშა და საქმიან ვითარებაში განვიხილეთ, შევქმენით სამუშაო ჯგუფი უახლოეს პერიოდში ჩვენ დავსხდებით და ვიმუშავებთ ამ წინადადებებზე. გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ მმართველი ძალა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხებს.
2016 წლის არჩევნები გარდა იმისა რომ უნდა ჩატარდეს არა ძალადობრივ გარემოში, ამასთან აუცილებელია, რომ ერთგვარი შეთანხმების, კონსენსუსის ფორმატში წარიმართოს. თანხმობა გულისხმობს იმას რომ პარლამენტთან ერთად ის გავლენიანი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ ამ პროცესებში და კონსენსუსში"- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
როგორც "დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა პრეზიდენტის შეხვედრის მერე განაცხადა- „შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახოეს ორ სამ დღეში შეიმუშავებს იმ ალტერნატიულ პაკეტს, რომელზეც პრეზიდენტი გააკეთებს აპელირებას და შესთავაზებს ამ შემთხვევაში საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს კონსესუსისათვის, რომ მიღებულ იქნას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ფორმატი, რომ კიარ გავაუარესოთ რასაც დღეს ეს საარჩევნო ინიციატივა აკეთებს პირიქით გავაუმჯობესოთ ამ შემთვვევაში შევქმნათ კონკურენტული გარემო, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ხელს მისცემს კარგად იმუშაოს და არ დაჩაგრავს სხვა რომელიმე პარტიის ხარჯზე აქ საუბარი იქნება რა თქმა უნდა უფასო სარეკლამო დროზე, საუბარი იქნება ბარიერის დაწევაზე კვალიფიციური სუბიექტებისათვის მთავრი არის ის, რომ ჩვენ წავალთ ამ გზით გაუმჯობესების თვალსაზრისით“-აღნიშნა ახვლედიანმა.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა ის სუბიექტი, რომელმაც ადგილობრივ ან საპარლამენტო არჩევნებში გადალახა ბარიერი და მოიპოვა დაფინანსება, უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლებას იძენს და ასეთ კვალიფიციურ სუბიექტთა რაოდენობა თერთმეტია.
ინტერპარტიული ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ კოალიციიდან გამოყოფილი სუბიექტებისთვის უფასო დროის მიცემა არაკონსტიტუციურია და ის მნიშვნელოვნად აზიანებს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას.
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ ვეტო არა თვითმიზანი და დღევანდელი შხვედრის თემა მარტო ეგ არ ყოფილა- „ვეტო არ არის თვითმიზანი, ვეტო არ არის პანაცეა ვეტო არ ყოფილა დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა. მთავრი თემა იყო რა საშუალებები შეიძლება არსებობდეს რომ უკვე ორჯერადად კენჭნაყარ წინადადებათა პაკეტთან მიმართებაში მოხდეს გარკვეული ცვლილებები ანუ დალაპარაკება საპარლამენტო პარტიებთან უპირველეს ყოვლისა სახელისუფლებოსთან და სხვებთანაც“- განაცხადა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






