საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვდრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი კვირიკაშვილს შეკითხვა იმ სკეპტიციზმთან დაკავშირებით დაუსვეს, რომლითაც გერმანია გამოირჩევა ნატოს თუ ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებაში. კვირიკაშვილის შეფასებით საქართველოს მთავრობა მოვლენებს, მხოლოდ საქართველოს მხრიდან არ უყურებს და ითვალისწინებს იმ ვითარებას, რომელშიც ევროპა იმყოფება:
„ჩვენი ურთიერთობები არ განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომელსაც ჩვენ არ უნდა ვუყურებდეთ მხოლოდ საქართველოს მოსაზრებებით და საქართველოს მხრიდან. ამიტომ ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ გერმანიამ იმედები გაგვიცრუა. მივიჩნევთ, რომ პროცესი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიასთან. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციისა და საქართველოს ვროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც პრინციპში ბუნებრივი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ მივჩნევთ, რომ მივაღწევთ ურთიერთგაგებას ამ პროცესში და საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. საქართველო მიიჩნევს, რომ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ამისთვის საჭიროა, საქართველო იყოს თანმიმდევრული ქვეყნის გარდაქმნის პროცესში, გააფართოვოს პარტნიორობა ნატო-ს ალიანსთან. ჩვენი აზრით, შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნება საქართველოსთვის მაშინ, როდესაც საერთაშორისო კონტექსტი იქნება მზად ამისათვის."-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






