ცენტრალურმა საარჩევნო კომიასიამ ქორწინების დეფინიციათან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი სარეფერენდუმო საკითხი დაარეგისტრირა.
საინიციატივო ჯგუფი რეფერენდუმზე შემდეგი შინაარსის კითხვის გატანას აპირებს- „თანახმა ხართ თუ არა რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის“. რეფერენდუმზე გატანისთვის კი საინიციატივო ჯგუფს 200 ათასი ხელმოწერის შეგროვება სჭირდება.
პროცედურის თანახმად, რეგისტრაციის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა 3 თვის ვადაში უნდა შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა. ამის შემდეგ, ცესკო ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და არაუგვიანეს 1 თვის ვადისა, პრეზიდენტს წარუდგენს გადაწყვეტილების მისაღებად.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
ამასთანავე, მიმდინარე წელს 13 მაისს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა დაერეგისტრირებინა სარეფერენდუმო შეკითხვა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის თაობაზე და შემოთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს - "თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?" რეგისტრაციაზე უარი უთხრა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ საკითხის ფორმულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის საარჩევნო კოდექსს და კანონს რეფერენდუმის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






