დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული სისტემის მონტაჟი მნიშვნელოვანია წყლის დონის მატებასთან დაკავშირებით დროული შეტყობინების მიღებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით.
„მოწყობილობები საშუალებას მოგვცემს ოპერატიულად მივიღოთ ინფორმაცია ნალექების რაოდენობისა და, შესაბამისად, მისი ზრდის შესახებ, საჭიროების შეთხვევაში კი დროულად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია. გუშინწინ რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის დროს ჩვენ გარემოს დაცვის სააგენტოდან ვიღებდით ინფორმაციას წყლის დონის მატებასთან დაკავშირებით ცვლილებებზე, საბედნიეროდ, წვიმის გადაღების გამო მოსახლეობის გაფრთხილება არ დაგვჭირდა. სისტემა იმუშავებს და სათანადოდ გამოგვადგება. პრევენციისთვის, ასევე, მონტაჟდება ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები, მზადდება მდ. ვერე კალაპოტის ფორმირების პროექტი, რომელიც კალაპოტის მცირედ ცვლილებებსა და გამაგრებებს ითვალისწინებს. რაც მთავარია, უშუალოდ დატბორვის ზონაში მოსახლეობა აღარ ცხოვრობს, ვინაიდან ყველა სახლი გამოვისყიდეთ და განვახორციელეთ მათი დემონტაჟი. მიღებული ზომების გათვალისწინებით კი რისკის დონე პრაქტიკულად მინიმალურ დონეზეა დასული“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.
სადამკვირვებლო ქსელიდან მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულ სააგენტოს ონლაინ რეჟიმში მიეწოდება, რაც მდ. ვერეს აუზში შესაძლო წყალმოვარდნების პროგნოზის ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს.
მოწყობილობები მდ.ვერეს აუზში, სვანიძის ქუჩაზე, ბაგებში, სოფელი დრეში ,ორბეთში, ვანათში და მანგლისშია დამონტაჟებული.
წყლის დონის მზომი და ნალექმზომი მოწყობილობები თბილისის მერიისა და პოლონეთის მთავრობის დაფინანსებით იქნა შეძენილი.
მასალის გამოყენების პირობები






