იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც ვიზალიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების გამოცხადება შესაძლოა გაახანგრძლივოს მიგრაციულ კრიზისთან ერთად, ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეც სახელდება.
სხდომის დასრულების შემდეგ ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრმა კლაას დეიკჰოფმა პრესკონფერენცია მიგრაციის, მოქალაქეობისა და საშინაო საქმეების საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთად გამართა. ვიზალიბერალიზაციის მინიჭების გაჭიანურების მიზეზებზე ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ კითხა. რის პასუხადაც დეიკჰოფმა განაცხადა, რომ საქართველომ თავად უნდა გაარკვიოს თუ რატომ არ უჭერს ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფო ვიზალიბერალიზაციას მხარს, ამასთანავე მისი თქმით ეს პროცესები საქართველოში მოსალოდნელ არჩევნებს არ უკავშირდება.
„ამ სხდომის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა წევრ სახელმწიფოებს შორის. პროცესი გაგრძელდება, ყველა კრიტერიუმი შესრულებულია ეს ნათელია. დეტალებში ვერ შევალ თუ რატომ ეწინააღმდეგება ამას ზოგი სახელმწიფო. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას , რომ კონსენსუსამდე მივიდეთ, მე დღეს არ გამიგია არცერთი არგუმენტი დაკავშირებული არჩევნებთან. ეს საკითხი დღეს ამ ჭრილში არ განხილულა. რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ არ გიჭერთ მხარს ზოგი სახელმწიფო ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ“- განაცხადა კლაას დეიკჰოფმა.
შეთანხმების სწრაფად მიღწევის იმედი აქვს მიგრაციის, მოქალაქეობისა და საშინაო საქმეების საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს. მისი თქმით საქართველომ ყველა პირობა და კრიტერიუმი დროულად და სრულად შეასრულა, ევროკომისრის თქმით გაგრძელდება მუშაობა და ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ რომ შეთანხმების მიღწევა სწრაფად მოხდეს:
„რაც შეეხება საქართველოს კომისია იყო ძალიან პირდაპირი მის რეკომენდაციებში . ჩვენ ვთვლით რომ ყველა კრიტერიუმი და პირობა დროულად იქნა შესრულებული. ჩვენ გვესმის, რომ არსებობს რამდენიმე წევრი სახელმწიფო, რომლებიც არ არიან ბოლომდე დარწმუნებულები, ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ შეთანხმებას სწრაფად მივაღწიოთ.“- განაცხადა ავრამოპულოსმა.
საქართველოს საკითხი ისევ გადატანილია ელჩების შეხვედრაზე, რომელიც მომავალ კვირას არის დაგეგმილი, ვიზალიბერალიზაციაზე იმსჯელებენ საგარეო საქმეთა მინისტრებიც, თუმცა არცერთ შეხვედრაზე გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილი არაა.
მასალის გამოყენების პირობები






