„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი ნინო გოგუაძე რუსთავი-2ის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბრძოლა ჯერ წინა გვაქვს და აუცილებლად საზოგადოების და სიტყვის თავისუფლების სასარგებლოდ დამთავრდება."ეს გადაწყვეტილება არავისთვის მოულოდნელი არ იყო. ამიტომაც ჩააბარეს მურუსიძეს სასამართლო რომ სწორედ ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღო. სწორედ ისეთი როგორიც მიიღო კაბელების საქმეზე. ასე რომ ყველაფერი ცხადია. დღეს, რუსთავი 2 გადასცეს ქიბარ ხალვაშს, ადამიანს რომელიც თვითონ მონაწილეობდა უკანონოდ ქონების ხელყოფაში რუსთავი 2 -ის სასარგებლოდ. მაშინ როდესაც ნაციონალების დროსაც ძალიან გვჭირდებოდა თავისუფალი სიტყვა, სწორედ ქიბარ ხალვაშმა ხელყო დავით დვალის, ეროსი კიწმარიშვილის, ჯარჯი აქიმიძის ქონება, მაგრამ აქვე მინდა იგივე დავით დვალს ვუთხრა, მაშინ მე ისევე როგორც დღეს ვიდექი თავისუფალი სიტყვის დასაცავად და ერთი სიტყვის გაგონება მინდოდა თქვენგან რომ თქვენი ქონება ხელყვეს რომ თქვენთან ერთად მებრძოლა თქვენი უფლებებისთვის და ეს ერთი სიტყვა ჩვენ ვერ გავიგეთ. თქვენ ისე დათმეთ თქვენი ქონება, რომ ერთი იურიდიული ხარვეზიც კი არ იყო ამ გადაფორმებაში, რომელსაც მოედავებოდნენ. თქვენ იქნებოდით დღეს ქიბარ ხალვაშის ადგილას, რომ არ დაგეთმოთ ეს ქონება, მაგრამ სამწუხაროდ როდესაც საკუთარი უფლებებისთვის არ იბრძვი დასასრული ყოველთვის ასეთია. დღეს ეს ხელისუფლება ებრძვის ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიას და აუცილებლად მთელი საზოგადოება მაქსიმალური სიმშვიდით, გონიერებით დადგება სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე. მე მწამს რომ არსებობს ინსტიტუტები მათ შორის სამართლებრივი ინსტიტუტები, საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის ხელშიც არის დღეს თავისუფალი სიტყვა და ის აუცილებლად მიიღებს კანონისა და სამართლის მიხედვით გადაწყვეტილებას. ასე რომ ეს ბრძოლა ჯერ წინა გვაქვს და აუცილებლად საზოგადოების და სიტყვის თავისუფლების სასარგებლოდ დამთავრდება “- განაცხადა გოგუაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






