2016 წლის 9 ივნისს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის შეხვედრები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარეებთან, სენატორ ბობ კორკერთან (რესპუბლიკელი-ტენესი) და ბენჯამინ კარდინთან (დემოკრატი-მერილენდი), სენატორ ჯინ შაფინთან (დემოკრატი-ნიუ-ჰემპშირი), სენატორ რონ ჯონსონთან (რესპუბლიკელი-ვისკონსინი), აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის, ევრაზიისა და საფრთხეების ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, კონგრესმენ დანა რორაბახერთან (რესპუბლიკელი-კალიფორნია).
შეხვედრებისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, ასევე ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მათ დასაძლევად აშშ-ის ძალისხმევის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებულ სავალალო მდგომარეობასა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე. მხარეებმა ისაუბრეს ვარშავაში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისადმი არსებულ მოლოდინებზე, მზადების პროცესსა და ამ მხრივ კონგრესის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე; აგრეთვე, განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე თანამშრომლობა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით არსებული ვითარება. საუბარი ასევე შეეხო 8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი არჩევნებისათვის მზადების პროცესს. გამოიხატა მადლიერება აშშ-ისადმი და ყურადღება გამახვილდა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებისა და გაღრმავების მნიშვნელობაზე.
ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ მოკავშირეობას, საქართველოსადმი აშშ-ს დიდ მხარდაჭერასა და რუსეთის აგრესიული და უკანონო ქმედებების დაუშვებლობას, ყურადღება გაამახვილა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საქართველოს მნიშვნელოვან როლსა და კონტრიბუციაზე, რომელსაც აშშ დიდად აფასებს. ამერიკულმა მხარემ გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხში აშშ-ის სრული მხარდაჭერა, ასევე, დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

მასალის გამოყენების პირობები






