ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. „ნიუპოსტი“ აღნიშნულის შესაფასებლად ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს დაუკავშირდა.
შარაშენიძე აცხადებს, რომ არსებობს მრავალი ფაქტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკური პროცსი, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. შარაშენიძის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი მინიმუმ ოქტომბრამდე გადაიდო:
„როცა არის ამდენი ფაქტი, როცა ერთი მოსამართლის დედას ქირას უხდის სახელმწიფო და მეორე მოსამართლეს არ აქვს სერთიფიკატი, წარმოიშობა ეჭვები. ხოლო, როცა ეჭვები ჩნდება ასეთი დიდი მნიშვნელობის პროცესზე, როგორიც რუსთავი 2-ის საქმეა, ამ შემთხვევაში უკვე უაპელაციოდ ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკურად მართული პროცესი.
მაშინ, როცა საქართველოს მთავარი პარტნიორისგან და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მთავარი მფარველი სახელმწიფოსგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოდის დიპლომატიურ ენაზე ძალიან მკაფიოდ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება და ეს მაინც ხდება, ნიშნავს ერთ რაღაცას - მმართველ გუნდს ძალიან ეშინია არჩევნების წაგების, მაგრამ როგორც ამბობენ, შიში ოხერია. როცა გეშინია არჩევნების წაგების, ამის გამო შეიძლება რუსთავი 2 დახურო, ამის გამო შეიძლება მიიღო გაცილებით უარესი გადაწყვეტილება არა მხოლოდ შენთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც. ამას შეიძლება გადაჰყვეს მმართველი გუნდი და შესაძლოა დააზარალოს სახელმწიფოც. ქვეყანა ამით არ დაიქცევა, მაგრამ სახელმწიფო ინტერესები უკვე დააზარალა, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ გადაიდო ვიზალიბერალიზაცია ოქტომბრამდე, როგორც მინიმუმ, ამას სამწუხაროდ მოვლენების შემდგომი განვითარება დაადასტურებს. რუსთავი 2 თავის თავს ასე მარტივად არ დათმობს, მას მხარში უდგას ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ამ ტელეკომპანიის გარეშე ძალიან გაუჭირდებათ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იგულისხმება, არამედ სხვა პოლიტიკური ძალებიც, რადგან რუსთავი 2 აძლევს მათ ტრიბუნას. თუ ხელისუფლება წავა იმაზე, რომ გამოიძახოს ძალა, რაც მოჰყვება ამას, ამით ყველაფერი დამთავრდება“, - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






