ე.წ გერმანული მოდელი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული, რომელიც პარლამენტში რესპულიკური პარტიის მიერ იქნა ინიცირებული.
რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელს მხარს უჭერს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, აღნიშნული მოდელის მხარდამჭერად მოიაზრება ეროვნული ფორუმიც, თუმცა მათ ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. საპარლამენტო უმრავლესობას აღნიშნული მოდელი არაკონსტიტუციურად მიაჩნია და მის მხარდაჭერას არ აპირებს.
რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ კანონპროექტი საჭირო ხმებს მოაგროვებს, თუ ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმზე უარს იტყვის და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.
საარჩევნო სისტემის გერმანული მოდელი მანდატების განაწილების წესის შეცვლას გულისხმობს. ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, პარტიული და მაჟორიტარული სიით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა იგივე რჩება - 77 დეპუტატი პარტიული სიით, ხოლო 73 - მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული.
გერმანული მოდელის თანახმად, პარტია არჩევნებში გაიყვანს იმდენ დეპუტატს პარტიული სიით, რა პროცენტული მაჩვენებელიც მიიღო მან არჩევნებში.
რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩული ყველა კანდიდატებს, ყველა მათგანი დაიკავებს ადგილს პარლამენტში, მიუხედავად პარტიის მიერ პროპორციული სისტემით მიღებული შედეგისა.
იმ შემთხვევაში თუ პარტია პროპორციული სისტემით მეტი მაჩვენებელი დააგროვა, ვიდრე მაჟრიტარული წესით არჩევისას, დარჩენილ ადგილებს პოლიტიკური სუბიექტები პარტიული სიიდან შეავსებენ.
მასალის გამოყენების პირობები






