"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და აღნიშნა, რომ „საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო არ ჰყავს“.
„სააპელაციო სასამართლოს "ტროიკამ", 5 წუთში მოგვახსენა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო არ ჰყავს. ამ სასამართლომ, რომელიც იმართება ხელისუფლების მხრიდან განაჩენი გამოუტანა თავისუფალ სიტყვას - კრიტიკულ ტელევიზია რუსთავი 2 -ს. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ქართული საზოგადოება არ შეეგუება. როცა სამართლის იმედი არ არის ამ ქვეყანაში, მაშინ რჩება ერთადერთი იმედი - ხალხი და ეს მხარდაჭერა რუსთავი 2- ს ნამდვილად ექნება. ლოგიკურად მხარდაჭერა იქნება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც, დამერწმუნეთ, რომ ხელისუფლება, თავის სატელიტ ლაქიებთან ერთად რუსთავი 2-თან გამართულ ბრძოლაში დამარცხდება“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
ბაჩუკი ქარდავამ მოსამართლე მერაბ ტურავას მოთხოვნაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტიც მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლება კრიტიკული ტელევიზიის გაჩუმებას ცდილობს.
„ტურავაზე გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე ჩვენ ვხვდებით, რომ ხელისუფლება არამარტო ერთი მიმართულებით მუშაობდა. ხელისუფლება მუშაობს იქ, სადაც შესაძლებელია, ჯერ კიდევ მოიძებნოს სამართალი და აქტიურად ცდილობს ჩახერგოს სამართლიანობის ყველა გზა“- აღნიშნა ედპ-ს ლიდერმა.
ბაჩუკი ქარდავამ დავით დვალის სიციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელმა გუშინვე იცოდა, დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილების შესახებ.
„დავით დვალმა სოციალურ ქსელის პირად გვერდზე დაწერა, რომ ის პოლიტიკოსები, მათ შორის თქვენი მონა მორჩილი, რომლებიც რუსთავი 2 - ის პროცესებს ვაკვირდებით, ეთერს ვერასდროს ვნახავთ, ანუ მან უკვე იცოდა დღეს რაც მოხდებოდა. ანუ მას გონია, რომ რუსთავი 2 მისია და სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრა უკვე დაიწყო“- დასძინა ქარდავამ.
მისი თქმით, რუსთავი 2 -ს ის ხალხი არ დათმობს, რომელთა მძიმე მდგომარეობაზე ხშირად კეთდება აქცენტი ამ ტელევიზიის მხრიდან.
მასალის გამოყენების პირობები






