ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს, ლუქსემბურგში, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავენ.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია ნათქვამი.
20 ივნისს კი ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.
გუშინ, ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა შეასრულა და ევროკავშირის სწრაფ გადაწყვეტილებას იმსახურებს.
გუშინვე, გამოცემა Euobserver-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხუთი ევროპული ქვეყანა ბრიუსელს მოუწოდებს, მიანიჭოს საქართველოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირისადმი ნდობის შესანარჩუნებლად.
სააგენტოს ცნობით, ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვისა და რუმინეთის შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას - ნიდერლანდებს და ევროკავშირის საგარეო უწყებას ერთობლივი წერილით მიმართეს.
წერილში, ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეთანხების მიღწევა პარასკევს, ლუქსემბურგში შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ან 20 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება შესაძლებელი.
მასალის გამოყენების პირობები






