ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების წევრი ქართული ასეული, პოლონეთში მიმდინარე ნატოს სამხედრო სწავლებაში, “ანაკონდა 2016” მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზი კი ჩუთყვავილაა.
ცნობისთვის, დღეს „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 120 ქართველი სამხედრო, რომლებიც აქტიურად ემზადებოდა NATO-ს უპრეცედენტოდ მასშტაბურ წვრთნებში მონაწილების მისაღებად, ბოლო მომენტში წვრთნებზე არ დაუშვეს.
გამოცემა წერს, რომ მანევრებზე დაკვირვებისთვის დაუშვეს მხოლოდ ერთი გენერალი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2 ოფიცერი.
„რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიურო თავის წერილში წერს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ ფაქტს, რომ ქართულმა კონტიგენტმა ვერ მიიღო მანევრებში მონაწილეობა, თუმცა მათი თქმით, მიზეზებზე არ საუბრობენ.
„ქართული დიპლომატიური წრეების მოსაზრებით, ქართველებს მასშტაბური მონაწილეობისგან თავის შეკავების თხოვნით ბრიუსელიდან მიმართეს, რათა თავიდან აეცილებინათ მოსკოვთან მეტი დაძაბულობა ვარშავის სამიტამდე, სადაც შესაძლებელია საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მიიღოს“, - აღნიშნულია „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოცემა ამ კონკრეტული ინფორმაციას ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ნიუპოსტი" დეტალების გარკვევას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან შეეცადა.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიუროს განცხადებას სიცრუეს უწოდებენ.
ხიდაშელის უწყება აცხადებს, რომ NATO-ს მასშტაბურ წვრთნაში ქართული ასეული ჩუტყვავილას გავრცელების მიზეზით ვერ წავიდა.
თავადცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმედა დარსალია "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ ქართული ასეულის არ წასვლის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში მოწვეულმა კონსილიუმმა სწორედ ინფექციური დაავადების გავრცელების საშიშროების გამო მიიღო.
"სიმართლეს არ შეესაბამება რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს განცხადება, რომ NATO-მ 120 ქართველი სამხედრო „ანაკონდა 2016-ში არ დაუშვა - ეს ინფორმაცია არის აბსოლუტური ტყუილი. ფაქტი ის არის რომ ერთ-ერთ ჯარისკაცს ჩუთყვავილა აღმოაჩნდა, რომელიც გადაედო მეორეს, შესაბამისად შეიქმნა ვირუსის გავრცელების საშიშროება როგორც ჩვენთან, ასევე სხვა ქვეყნების ჯარისკაცებს შორის. ქართული კონტიგენტის არ წასვლის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში მოწვეულმა კონსილიუმმა ამერიკულ მხარესთან შეთანხმებით მიიღო"- აღნიშნა დარსალიამ.
მასალის გამოყენების პირობები






