საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ლონდონში, „სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევარი „შველი წყლის პირას“ შეიძინა. ქართველი მხატვრის ტილო რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის ცნობილი ნამუშევარი „არსენალის მთა ღამით“ შეიძინა და იგი ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა. „კრისტის“ აუქციონზე ფიროსმანის ეს ტილოც რუსული ხელოვნების სექციაში იყო წარმოდგენილი.
რუსული ხელოვნების სექციაშია წარმოდგენილი „მაკდუგალის“ აუქციონზე ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ნახატიც „ლეგენდა თბილისის დაარსებისა“, რომლის საწყისი ფასიც 200 ათასი ფუნტი სტერლინგია. აუქციონი ხვალ გაიმართება.
„ნიუპოსტი“ იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ქართველი მხატვრების ნამუშევრები რუსულ სექციაში წარმოდგენილი, კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა. სადაც განაცხადეს, რომ სამინისტრო აღნიშნულ თემზე აქტიურად მუშაობს საგარეო უწყების დახმარებით. მათი წერილების შედეგად, რომელიც აუქციონებს დაეგზავნათ ლოტებში მიეთითა, რომ ნამუშევრები შესრულებულია ქართველი ავტორების მიერ:
„ფიროსმანი უკვე რამდენიმე წელია გადის რუსული სექციით, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ იქნას შეცვლილი სექცია, 19 მაისს ჩვენ გავაგზავნეთ წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, მივმართეთ საგარეო უწყებას თხოვნით, რომ ეშუამდგომლათ ჩვენთვის ამ სააუქციონო სახლებთან, თავისმხრივ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში გაგზავნა წერილი, ამის შემდგომ სასწრაფოდ გაიგზავნა წერილი ორ აუქციონზე, ეს არის „მაკდუგალის“ აუქციონი და „სოტბის“ აუქციონი, ორივეგან წავიდა წერილი თხოვნით, რომ ყოფილიყო მინიშნება რომ ესენი არიან ქართველი ავტორები და იქნებ სექცია შეიცვალოს, ამ ეტაპზე რაც მოხერხდა არის ის, რომ „სოტბის“ აუქციონზე ორივე მხატვარს გაესვა ხაზი, რომ არიან ქართველები, თუმცა სექციის შეცვლა დღეისათვის ვერ მოესწრო და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ამაზე მუშაობას აგრძელებს სამინისტრო. რაც შეეხება „მაკდუგალის“ აუქციონს, ამ აუქციონმა ოფიციალური პრეს-რელიზი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ლადო გუდიაშვილი არის ქართული და რუსული სექციიდან წარმოდგენილი, არის ასეთი სექცია, რომელსაც ქართული და რუსული სექცია ჰქვია, დღეისათვის სამინისტრო აგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას, რომ შემდეგისთვის ქართველი ავტორების ნამუშევრები გადმოვიდეს სექციაში რომელსაც „აღმოსაველთ ევროპა“ ჰქვია.“, - აცხადებენ საქართველოს კულტურის სამინისტროში.
მას შემდეგ რაც „კრისტის“ აუქციონზე „არსენალის მთა ღამით“ რუსულ სექციაში იქნა წარმოდგენილი, საქართველოს კულტურის მინისტრმა კომენტარი გააკეთა:
„ნახატი რუსული ხელოვნების სექციაშია განთავსებული, თუმცა ლოტის აღწერისას მითითებულია, რომ მისი ავტორი ქართველია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ ეროვნულ მუზეუმთან და ეცდებიან, გაარკვიონ, რა პროცედურებია გასავლელი, რომ ქართული სექცია შეიქმნას, ან აღმოსავლეთ ევროპის სექციიდან გავიდეს ხოლმე ქართველი ავტორების ნამუშევრები.“ – აცხადებდა გასული წლის ივნისში მიხეილ გიორგაძე.
მას შემდეგ რაც პირველი კომენტარები გაკეთდა აღნიშნულ საკითხზე ერთი წელი გავიდა, თუმცა 2016 წლის აუქციონებზეც ქართველი მხატვრების ნახატები რუსული ხელოვნების ნამუშევრებს „განეკუთვნებიან“ ისეთ ცნობილ აუქციონებზე როგორებიცაა „სოტბი“ და „მაკდუგალი“. კულტურის სამინისტრო საკითხზე მუშაობას განაგრძობს. ქართველი მხატვრების ნამუშევრები აღნიშნულ აუქციონებზე 2013 წლიდან გადის.
მასალის გამოყენების პირობები






