საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი კორცხელში ადგილობრივი არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტს , „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციად აფასებს, თუმცა როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, ეს მთავრობას არ აცილებს პასუხისმგებლობას და იმედი გამოთქვა, რომ პრევენცია და ანალიზი მოხდება და საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდება:
„კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან სამარცხვინო, მმართველ გუნდსაც მოვუწოდებდი რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს, ეს იყო სირცხვილი, რა თქმა უნდა ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, მე დაწვრილებით არ ჩავუღრმავდები, საერთო ჯამში ამან ძალიან დააზარალა ჩვენი სახელმწიფო, ერთი პლიუსი შეუძლება ჰქონდეს ამას, რომ გააკეთონ დასკვნები, იგივე რომ აღარ განმეორდეს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პროვოკაცია კარგად დაგეგმილი იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ, ეს არაფრის გამართლების საფუძველი არ გახლავთ, ეს არაფრით არ ამსუბუქებს იმას, რაც მოხდა, არაფრით არ ამართლებს მმართველი გუნდის ქმედებას. თუ გავაანალიზებთ ამ არჩევნებს, გავიხსენებთ ნასაკირალზე ჩატარებულ არჩევნებს, სადაც ოპოზიციამ მოიგო, ეს იყო ცუდი და სამარცხვინო სცენარი, თუმცა, რესურსი როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს, თორემ ამას გადაინახავდა ძირითადი არჩევნებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ პრევენცია და ანალიზი მოხდება. მე იმედს ვიტოვებ რომ არჩევნები სანიმუშოდ ჩატარდება. ნასაკირალის არჩევნებმა გარკვეული კითხვები გააჩინა. კორცხელში მთავრობამ წააგო არჩევნები, ამომრჩეველმა არ გაიგო და ვერ გაიგო. საზოგადოებამ ნაცვლად იმისა რომ სწორედ შეეფასებინა დასაჯა მთავრობა ამისათვის“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






