ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კითხვებს უპასუხა. ძირითადი კითხვები ვიზალიბერალიზაციას, კორცხელის ინციდენტსა და საქართველოს საგარეო კურსს ეხებოდა. გიორგი მარგვლეაშვილს ასევე დაუსვეს კითხვები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესახებაც. საკუთარ გამოსვლაში პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორიას მკვლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციებზეც ისაუბრა.
„შეშფოთებული ვარ ძალადობის გამო კორცხელში. ვფიქრობ, მსგავსი რამ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს, ინციდენტის მონაწილეებს პროკურატურამ ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენა. იმედი მაქვს ჩვენ, როგორც პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადავლახავთ არჩევნების დროს მსგავს ხარვეზებს. მინდა აღვნიშნო რომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გააკეთა განცხადება რუსთავი 2-ის მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. რუსთავი 2 ყველაზე პოპულარული ტელეარხია საქართველოში,პოლიტიკურმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, ისინი ელიან, რომ საკითხები, რომელიც კერძო დავას ეხება, არ დააზარალებს მედიაგარემოს წინასაარჩევნო პერიოდში, სასამართლო სისტემა არცერთ ლიდერს არ ექვემდებარება, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ როდესაც საქმე მედიას ეხება, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების მიმდინარეობას, მედიის უფლებების ნებისმიერი სახით დარღვევა მიუღებელია.
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ჩვენ გვსურს გავხდეთ ევროკავშირის, ევროპის ოჯახის წევრები, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს გვინდა, არის ის, რომ ჩვენი კულტურით ევროპელები ვართ. ჩვენ გვჯერა თამაშის იმ წესების, რომლებსაც აქ იცავენ, ამიტომ გვჯერა, რომ როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები გავხდით და მოგვცეს მკაფიო ნიშანი იმისა, რომ საქართველო მეტს მიიღებდა, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არამედ მთლიანად საზოგადოებამ და გვჯერა, რომ ყველა პირობის შესრულებისთვის ამ ჯილდოს მივიღებთ და საქართველოს საქმე სხვა დისკუსიებს შორის არ დაიკარგება. ეს უსამართლობა იქნება და შეეწინააღმდეგება ძირითად პრინციპებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






