საკანონმდებლო მაცნემ დღეს გამოაქვეყნა კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების კანონპროექტი, რომელსაც ხელს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აწერს.
ცნობისთვის, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გადაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებმა ერთხმად გაიზიარეს. საკანონმდებლო პროექტი 84 ხმით, არცერთის წინააღმდეგ გავიდა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტს ვეტო 31 მაისს დაადო.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ შენიშვნებში ვკითხულობთ: „პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება, სულ ცოტა, 6 წევრი, ხოლო კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა კი მიღებულად ჩაითვალოს, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუმცა, როდესაც სარჩელი ეხება სპეციფიკურ შემთხვევებს, პლენუმი გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას სრული შემადგენლობის 2/3-იანი კვორუმის დაწესება მართებულად მიგვაჩნია მხოლოდ ისეთ სპეციფიკურ და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა იმუნიტეტის, არჩევნებისა და რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის, იმპიჩმენტისა და საქართველოს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები. ამასთან, აღნიშნულ საკითხთა განსახილველად პლენუმი უფლებამოსილი უნდა იყოს, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი, რაც განაპირობებს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხს“.
პრეზიდენტმა პარლამენტს ასევე იმ ნორმის გაუქმების თხოვნით მიმართა, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ათწლიანი უფლებამოსილების ამოწურვამდე სამი თვით ადრე ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის უფელაბ აღარ ეძლეოდა.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იხილეთ აქ:
მასალის გამოყენების პირობები






