,,გუშინ ვიყავი რუსთავი-2-ის პროცესზე. ჩემდა უნებურად გაძევებულთა შორის აღვმოვჩნდი, თუმცა არც არაფერი დამიშავებია. მთელი დარბაზი დაგვითხოვეს თამარ კინწურაშვილის ენამოსწრებული განმარტებისათვის.
რა გითხრათ? გუშინწინ ერთი ივანიშვილი იყო ეთერში, გუშინ სამი, მასსავით გასაცოდავებული. ორ მათგანს კარგად ვიცნობ. განსაკუთრებით ნათია გუჯაბიძეს ჯერ კიდევ მისი ადვოკატობის დროიდან. ასეთი სახეწამხდარი არასოდეს მინახავს. ნამდვილად არ მოველოდი თვითაცილებას, თუმცა შეეძლო. მისი ძალიან საეჭვო ქირავნობის ისტორია, რაც ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს უტყუარად და დამაჯერებლად, დასავლური სტანდარტებით არათუ აცილების, არამედ მოსამართლეობიდან საერთოდ წასვლისათვისაც ნამდვილად საკმარისი იყო. მან არჩია იხტიბარი არ გაეტეხა და მძიმე შეცდომა დაუშვა, რომელიც დიდხანს გაჰყვება, თუ არა სამუდამოდ. სხვა რაიმე პოზიტიურსაც ამ პროცესიდან არ მოველი. ასე მგონია, სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე დაწერილია და მისი გამოქვეყნება მხოლოდ დროის საქმეა.
ჩვენი ევროატლანტიკური ორიენტაცია ჯერ კიდევ ძალიან მყიფეა და არა შეუქცევადი, რაზეც უცხოელი მეგობრები უკვე ხმამაღლა გვაფრთხილებენ და ისედაც კარგად ჩანს. არჩევნებში ,,ოცნებისა“ და სხვა რუსული ძალების გამარჯვება შემოაბრუნებს ამ პროცესს და ეს არის, სავარაუდოდ, პუტინის მორიგი დავალება ოლიგარქისადმი. რუსთავი-2 ამას ხელს უშლის, როგორც ხელისუფლების მამხილებელი და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ყველაზე მძლავრი და პოპულარული საინფორმაციო საშუალება. როგორ არ ეცადა, მაგრამ ივანიშვილმა ალტერნატივა ვერ შექმნა, მისმა ან მასზე მომუშავე ტელევიზიებმა თუ გაზეთებმა, ვერც ცალკე და ვერც ყველამ ერთად. ასე, რომ რუსთავი-2-ის დადუმება არჩევნების წინ სასიცოცხლოდ აუცილებელია ივანიშვილისა და რუსეთისათვის. აქედანაა, ხელისუფლების გაკაპასებული შეტევები და სიჩქარე, მოსამართლეთა ტრაგიკომიკური უსახურობა.
ამ ვითარებას სასამართლო დარბაზებში და ტელეკამერების წინ კეკლუცობით ვერ ვუშველით. მრავალრიცხოვანი საჯარო აქციებია საჭირო არა ერთი რომელიმე პარტიის, არამედ მთელი დასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის, რომლის ერთიანობასა და ბრძოლისუნარიანობაზე არის დამოკიდებული ამ ძალიან მნიშვნელოვანი ხიფათის აცილება.
უკანასკნელ ტელეინტერვიუში თვალსაჩინოდ გამოჩნდა, რომ ბელადი ფსიქოლოგიურად მეტად საშიშ სტადიაშია. მას ჭინკები და მაჯლაჯუნები ელანდება ყველგან და ყველაფერში. ყველა კითხვაზე ერთი ფეთიანი პასუხი აქვს - ნაციონალები, ნაციონალები და ისევ ნაციონალები. ამიტომ, დასაწყისისათვის ჯგუფ-ჯგუფად, ხშირ-ხშირად და ბევრ-ბევრად ავაკითხოთ ჩვენს ცრუპენტელა მესიას შუშის სასახლეში და თვალხილულად ვუჩვენოთ, რომ მისი გონებაში ალ-ქაჯებად და კუდიანებად ჩაბუდებული ზმანებები რეალურად ქართველი ერია, მთელი ქართველი ხალხი. ასე შევაგუოთ ბედს. გაქცევაზე ფიქრი დავაწყებინოთ, დამშვიდდება და ნაკლებად აგრესიულიც იქნება.
აშშ-ს ელჩის განცხადებას, ამრიკელები ამას არ მოითმენდნენო, ჩვენი ბუკი-ნაღარა უნდა შევაშველოთ. სხვანაირად, ვგონებ, არაფერი გამოვა“.
მასალის გამოყენების პირობები






