მოსამართლემ დარბაზიდან რუსთავი 2-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი გააძევა. როგორც თამთა მურადაშვილმა განაცხადა მისი გამოძევების მიზეზი სასამართლოს უპატივცემულობა გახდა, რასაც ადვოკატი არ ეთანხმება. მურადაშვილის განმარტებით, მას სურდა გუჯაბიძის განცხადების საპასუხოდ არგუმენტების წარდგენა, თუმცა სასამართლო კოლეგიამ ამის საშუალება არ მისცა და ორჯერ დაჯარიმების შემდეგ დარბაზიდანაც გააძევა:
„მიზეზი გახდა სასამართლოს უპატივცემულობა, თითქოს ჩვენ ვცდილობთ ჩავშალოთ პროცესი. პროცესი დაიწყო უკვე კონფლიქტით როდესაც მოსამართლე გუჯაბიძე გამოვიდა და მკაცრი სახით განცხადებების გაკეთება დაიწყო და ამ განცხადებებზე შეპასუხების საშუალება არ მოგვცა. მისი განცხადებები იყო მცდარი. ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებები აღიქვა სულ სხვანაირად და მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოვარდნილად გააჟღერა. ჩვენ კი საპასუხო არგუმენტების წარდგენის საშუალება არ მოგვცა. ასევე სასაცილო არგუმენტები წარადგინეს ნიკა გვარამიას პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით. მათი თქმით ნიკა გვარამიას თავად უნდა მოეთხოვა წერილობით პროცესზე დასწრება.“- განაცხადა მურადაშვილმა.
ადვოკატის თქმით შეუძლებელია, რომ სასამართლო კოლეგიამ რომლის წევრიც ნათია გუჯაბიძეა, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან მოსამართლე გუჯაბიძე უკვე გაბრაზებულია და შურისძიებით გამსჭვალული:
„ნათია გუჯაბიძე ძალიან მკაცრი და გაბრაზებული სახით გვეუბნებოდა, რომ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ის მიიღებს კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას. შეუძლებელია რომ მან სამართლიან ი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ის უკვე გაბრაზებულია და უკვე შურისძიებით იქნება გამსჭვალული . მე მინდოდა რომ მის აცილებაზე შუამდგომლობა გამეჟღერებინა. ერთხელ დამაჯარიმეს 300 ლარით, მე მგონი მეორედაც დამაჯარიმეს 500 ლარით და მესამედ გამომაგდეს იმიტომ რომ ვითხოვდი სიტყვას შუამდგომლობის გაჟღერებისთვის. ნათია გუჯაბიძეს და ქიბარ ხალვაშის მხარეს აქვთ ერთი ნახვით შეყვარება ამ სიყვარულის ნაყოფს ალბათ ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ. მან ქირავნობასთან დაკავშირებით განმარტება არ გააკეთა, არამედ უბრალოდ განაცხადა რომ პროკურატურის მხრიდან დევნა არ მიმდინარეობს, ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით.“- აღნიშნა ადვოკატმა.
მასალის გამოყენების პირობები






