საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა, სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავამ შეცვალა. აღნიშნული თემის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ განათლების ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს დაუკავშირდა.
შაშკინის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პრობლემები რომლებიც განათლების სისტემაში შეიქმნა უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მოგვარებადია მხოლოდ მთავრობის სრული ცვლილებით:
„ჩემი აზრით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ დატოვებს მინისტრის პოსტს და ვინ დაინიშნება, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი, არაფორმალურად, აქედან გამომდინარე ვინ იქნება ახალი და ვინ წავა მნიშვნელობა არ აქვს მანამდე, სანამ არ შეიცვლება ხედვა მთავრობის ანუ არ შეიცვლება მთავრობა, ცვლილებებს მნიშვნელობა არ აქვს.
ფაქტია ის, რომ 4 წლის განმავლობაში არანაირი ხედვა განათლების რეფორმის მიმართ არ გააჩნდათ. გაჩერებული იყო ყველა რეფორმა სანიკიძის მიერ, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, განადგურებული იყო ყველა ის მიღწევა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის, მე შემიძლია ბევრი მაგალითი მოვიყვანო. მაგალითად ამერიკული უნივერსიტეტი, განადგურებული პროგრამა. მაგალითად ამერიკელი მასწავლებლების ჩამოყვანა, განადგურებული პროგრამა. განადგურებული და გაფუჭებული მანდატურების სამსახურის სისტემა, მასწავლებლების სერთიფიცირების პროგრამის სრული კრახი, როდესაც პედაგოგების გადამზადების ცენტრი, იმის ნაცვლად, რომ ეხმარებოდეს მასწავლებლებს, დადის მოგზაურობებში პარიზსა და ლონდონში და სვავს ყავას თბილისში. ამ ყავამდე და მოგზაურობებამდე არის დაყვანილი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა. განადგურებული პროფგანათლება, უსერიოზულესი პრობლემები უმაღლეს განათლებაში, მაგალითისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს ამ რეფორმის არც ხედვა არ აქვს და არც სურვილი, რომ გაატარონ განათლების რეფორმა.
გლობალიზაციის პროცესში, როდესაც ჩვენი ბავშვები კონკურენტები არიან არა ერთმანეთის, არამედ სხვა ქვეყნების, ამ პირობებში ჩვენი განათლება საერთოდ არ პასუხობს ამ ახალ გამოწვევებს, სანამ ხედვა და მთავრობა არ შეიცვლება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეასრულებს მოვალეობას.
სანიკიძემ გარდა განადგურებული რეფორმებისა, დატოვა კორუფციული სქემები, საინტერესო იქნება რამდენად შეძლებს ახალი მინისტრი ამ კორუფციული სქემების გაჩერებას“, - განაცხადა შაშკინმა.
მისივე თქმით მოახლოებულ ეროვნულ გამოცდებს ამ ცვლილების გამო პრობლემა არ შეექმნება, რადგან ეს უკვე 10 წლიანი პრაქტიკაა:
„ეროვნულ გამოცდებთან მიმართებით ეს არავითარ პრობლემას არ შექმნის, იმიტომ, რომ ის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებდა საატესტატო გამოცდების შერწყმას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან სანიკიძემ გააჩერა, აქედან გამომდინარე, ის ოთხი გამოცდა რომელიც ახლა იქნება, ეს არის წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა, შესაბამისად არავითარი პრობლემა არ შეექმნება, ეროვნული გამოცდები არქაიზმია, იმიტომ რომ ის აჩერებს განათლების სისტემის რეფორმას, ამას ამბობს ძალიან ბევრი ქვეყანა და ჩვენ ჯიუტად არ გვინდა, რომ ეს დავინახოთ“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მასალის გამოყენების პირობები






