შეგახსენებთ: გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ფინანსური ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში უნდა დარჩეს და აღნიშნული საკითხი "ამოწურულია და მასზე ყველა თანხმდება". მოგვიანებით მინისტრმა განმარტა, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა.
„ეს არის ჩემი პოზიცია, ჩემი დამოკიდებულება. ეს პოზიცია მე არც ადრე დამიმალავს. დღეს ეს საკითხი იხილება საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და ჩემი პოზიცია, რომ ზედამხედველობის სამსახური უნდა დარჩეს ეროვნულ ბანკში“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი საშა ტერნესი დღეს „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება მათთვის სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო, რადგან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. მისივე თქმით, არ აქვთ ინფორმაცია ვის გულისხმობდა დიმიტრი ქუმსიშვილი როდესაც განაცხადა, რომ „ყველანი შეთანხმებულები" არიან. ტერნესის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოსთან ამ საკითხის არანაირი განხილვა მთავრობის ან ეროვნული ბანკის მხრიდან არ ყოფილა.
ტერნესის განმარტებითვე, თუ მთავრობა, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს შექმნის ინიციატორი იყო, დღეს მოინდომებს კანონის გაუქმებას, ეს პროცესი პარლამენტის მეშვეობით უნდა მოხდეს და საჭიროებს მაღალ მხარდაჭერას. ტერნესი დასძენს, რომ ფინანსური ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შესახებ კანონის ნაწილია, რაც არის ორგანული კანონი. აქედან გამომდინარე პარლამენტის წევრების უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო და ეს არის მინიმუმ 76 ხმა.
ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გასულ წელს გამოეყო.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის საფუძველზე, "ეროვნული ბანკის შესახებ კანონში" ცვლილებები შევიდა, რომელთა თანახმად, ეროვნული ბანკისგან საფინანსო ზედამხედველობის სამსახური გამოიყო და ის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდა.
საქმე ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
ფინანსური ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის საკითხი თავის დროზე დაპირისპირების საგანი გახდა. ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენი გიორგიქადაგიძე, ასევე საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული ცვლილების წინააღმდეგი იყო.
წყარო: commersant.ge
მასალის გამოყენების პირობები






